
გიორგი ხელაშვილი დიდი ხანია, ფოტოგრაფიითაა დაკავებული. ბოლო 5 წელია, ვიდეოგრაფიითაც დაინტერესდა და ეს საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია.
მის ფოტოებსა თუ ვიდეოს ხშირად იპარავენ მედიასაშუალებები თუ ტურისტული კომპანიები და ავტორს უხდება ბრძოლა საავტორო უფლებების დასაცავად. იწყებს მოლაპარაკებებს და შესაბამის ანაზღაურებასაც იღებს.
გიორგიმ „პრაიმტაიმს“ თავისი ნამუშევრების ექსკლუზიურად გამოფენის უფლება მისცა.

– წლებია, ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული. ვიდეოგრაფია მოგვიანებით დავიწყე. 2015 წლამდე შეკვეთებზეც ვმუშაობდი, ქორწილებსაც ვიღებდი, მაგრამ შემდეგ მოვინდომე განვითარება და დავანებე თავი. შემოქმედებითად ვერ მაკმაყოფილებდა ეს მიმართულება.
ახლა არანაირ შეკვეთას აღარ ვიღებ, რადგან არ მცალია. თავიდან ქუჩის ფოტოგრაფიით ვიყავი დაკავებული და ძალიან მომწონდა, თუმცა, შემდეგ უფრო კომფორტული ფოტოგრაფია მოვირგე და ლანდშაფტების გადაღება დავიწყე. საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ყველაზე კარგი ის გახლავთ, რომ რაც მიყვარს, ის საქმეა ჩემი შემოსავლის წყარო.

წლების მანძილზე ფოტოების მოპარვასაც არ მაკლებდნენ და ითვისებდნენ ჩემს ინტელექტუალურ საკუთრებას, მაგრამ ბოლო დროს ვიდეოებს უფრო იპარავენ. საერთოდ, ვიდეო მასალა უფრო ძნელად მოსაპოვებელია, რადგან სჭირდება დრო და რესურსი.

მაგალითად, ტელევიზიები რომ წავიდნენ და ესა თუ ის ვიდეო გადაიღონ, უამრავი დრო, რესურსი უნდა დახარჯონ და ასე გამზადებულის წაღება ურჩევნიათ. მიხარია, როცა ვინმე ნებართვას მთხოვს, რომ ჩემი ნაშრომის გამოყენებას აპირებს. თუმცა, ქართულ რეალობაში ასე იშვიათად ხდება. უფრო უცხოელებზე ვყიდი ხოლმე ჩემს შემოქმედებას.

არსებობს სპეციალური საიტები, სადაც ვდებ ჩემს ვიდეომასალას და მსურველები ყიდულობენ მათ და მერიცხება თანხა.
ხშირად ფოტოებს მპარავენ ტურისტული კომპანიებიც, რადგან ბევრი კადრი მაქვს, სადაც პეიზაჟია ასახული და დიდი მოთხოვნით სარგებლობს მათთან. მედიასაშუალებებს ვიდეო მიაქვთ ხოლმე და ერთი კვირის წინაც, ერთ-ერთმა ტელევიზიამ ჩემი ვიდეო თავის გადაცემაში გამოიყენა.

საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციის წევრი ვარ და მათი დახმარებით ვებრძვი ქურდებს. ხდება ხანდახან ისე, რომ მათ არ ვრევ და ჩემით ვცდილობ, სამართლიანობას მივაღწიო.
ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია, სასამართლომდე საქმე ჯერ არ მისულა – სიტყვიერად ვაღწევთ ხოლმე შეთანხმებას და მიხდიან შესაბამის ანაზღაურებას.

ჩემს ნამუშევრებზე მოჭრილი თანხა არ მაქვს დაწესებული, სიტუაციიდან გამომდინარე, ათას ნიუანსს ვითვალისწინებ და ისე ვეუბნები ფასს. თუ საქართველოს პოპულარიზაციისთვის უნდათ, მაშინ ცოტა ნაკლებს, მაგრამ თუ ჩემი ვიდეო 100 000-იან საქმეს გაუკეთებს, მაშინ 100 ლარს ნამდვილად ვერ მოვთხოვ.

გარდა იმისა, რომ ფოტოგრაფია შემოსავლის წყაროა, ასევე დაკავებული ვარ ფრილანსინგითა და ბლოგერობით. მიმყავს ბლოგი მოგზაურობაზე – ძირითადად, საოჯახო მოგზაურობაზე.
როცა არ ვმოგზაურობ, ფოტოგრაფიაზე და არა – მხოლოდ, გამოცდილებას ვუზიარებ გამომწერებს.

დრონით გადაღების დროს, ყოველი გაფრენა არის რისკი და მჭირს დრონოფობია. მგონია, რომ დრონს დავკარგავ. ვცდილობ, ვიყო ფრთხილად, რადგან დრონი არ არის იაფი სიამოვნება და რომ დაკარგო, ეს დიდი ზარალია.
ერთხელ დაცული ტერიტორიების ვიდეოს ვიღებდი, პალიასტომის ტბაზე კუნძული ვნახე, საიდანაც დრონი ავაფრინე და უცებ მიღება დაკარგა. სანამ აპარატი ჩემამდე მოვიდოდა, ძალიან ვინერვიულე.























