02:05 | 2020-04-04 ავტორი: Prime Time

Fox News საქართველოში კორონავირუსთან წარმატებულ ბრძოლაზე წერს

Fox News საქართველოში კორონავირუსთან წარმატებულ ბრძოლაზე წერს

მთელს მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ზრდას განაგრძობს, თუმცა არის ერთი ქვეყანა, რომელსაც ოფიციალურად არცერთი გარდაცვლილი არ ჰყავს: ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, საქართველო – ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული მედიასაშუალება Fox News წერს და იქვე აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს პრემიერ მინისტრთან.

 

იანვრის დასაწყისში ცხელ წერტილებად მიჩნეულ ქვეყნებთან ფრენების აკრძალვამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვირუსის გავრცელების დაბალ მაჩვენებელზე – განაცხადა Fox News-თან ინტერვიუში გახარიამ.

 

„ჩვენ უყოყმანოდ გადავედით ძლიერ და გადამწყვეტ ქმედებებზე. არათუ დავიწყეთ ყველა ჩამოსული მგზავრის თერმო-სკრინინგი, არამედ 28 იანვარს ავკრძალეთ ფრენები იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამ გლობალურ ვითარებაში ცხელ წერტილებად მიიჩნეოდა… ჩვენ ასევე მარტის შუა რიცხვებში, დროულად შევაჩერეთ სასწავლო პროცესი სკოლებში და ავკრძალეთ შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, – ამბობს გახარია.

 

პარასკევის მდგომარეობით საქართელოში ოფიციალური პირების მიერ დაფიქსირდა კორონავირუსის 148 შემთხვევა, 27 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასაოცარია, რომ მათ მსხვერპლი არ ჰქონიათ – წერს Fox News.

 

ინტერვიუში გიორგი გახარია იხსენებს, რომ საქართველომ პირველივე გამაფრთხილებელი ნიშნებისთანავე 22 იანვარს დაიწყო რეაგირება.

 

მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტროლდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საფრთხე რეალურია და ის შორს არ არის.

 

„ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ვირუსის გავრცელება შეჩერებულია“, – ამბობს გიორგი გახარია.

 

სტატიის ავტორის ვარაუდით, სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებლის მიუხედავად გარდაუვალ დარტყმას მიიღებს ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც განვითარებადი თავისუფალი ბაზარი და დიდწილად ეყრდნობა სოფლის მეურნეობას, ასევე მანგანუმის, სპილენძისა და ოქროს მოპოვებას.

 

„Covid-19 დატოვებს თავის უზარმაზარ კვალს ჩვენს ყოვედღიურ ცხოვრებასა და სოციალურ ქცევაზე. დარწმუნებული ვარ, ეს უკიდურესად უარყოფით გავლენას მოახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე, ბაზრის ქცევაც ამაზე მეტყველებს“, – ამბობს გიორგი გახარია.

 

მისივე თქმით, ისევე როგორც სხვა ქვეყნებზე, ეს მოვლენები აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც, ვინაიდან ქვეყანამ სოციალური დისტანცირების მიზნით ჩაკეტა ბიზნესები ქვეყნის მასშტაბით.

 

სტატიის ავტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს მთავრობის მიერ ინიცირებულ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე და წერს, რომ ასობით მილიონი ლარი გამოიყო ბიზნესის დასახმარებლად, ასევე დაწესდა საგადასახადო შეღავათები.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ 3,7-მილიონიანი ქვეყანა წარმოადგენს ერთგვარ ჰაბს ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის. ჟურნალისტი აქვე აქცენტს აკეთებს კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, სადაც საერთო ჯამში მინიმუმ ინფიცირების 23 500 და გარდაცვალების 372-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება (პარასკევის მონაცემებით).

 

„საქართველოს გასაღები იყო დროული მოქმედება და თანმიმდევრული, ნათელი კომუნიკაცია მოქალაქეებთან“, – ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს Fox News.

ავტორი: Prime Time

X