21:44 | 2020-05-24 ავტორი: Prime Time

გაამართლა თუ არა შვედეთის მოდელმა კორონავირუსთან ბრძოლაში – მაია ბუწაშვილის განმარტება

გაამართლა თუ არა შვედეთის მოდელმა კორონავირუსთან ბრძოლაში – მაია ბუწაშვილის განმარტება

ეფექტური აღმოჩნდა თუ არა კორონავირუსის ეპიდემიის კონტროლის შვედური მოდელი, – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ შვედეთის მოდელის მოწინაღმდეგეების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში „ყველაზე მაღალია“.

 

„როგორც ყველასთვის ცნობილია, შვედეთმა მკაცრ საკარანტინო ზომებზე თავიდანვე უარი თქვა და მინიმალური შეზღუდვებით შემოიფარგლა

 

კერძოდ, აიკრძალა 50 ადამიანზე მეტის შეკრება და სხვა ნაკლებ მნიშვნელოვანი რეგულაციები (მაგალითად, რესტორნებში ბართან მომსახურების აკრძალვა და მხოლოდ მაგიდებთან ჯდომა).

 

მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება შვედეთში კორონავირუსის გავრცელების ტენდენციას, რომ შეფასდეს, სხვა ქვეყნების მიერ გატარებულმა მკაცრმა საკარანტინო ზომებმა უკეთესი შედეგი დადო თუ არა შვედეთთან შედარებით,

 

ანუ ღირდა თუ არა ეკონომიკის დარტყმის ქვეშ დაყენება და ცალკეული ადამიანებისთვის სერიოზული დისკომფორტის შექმნა.

 

პირდაპირი პასუხი ამაზე ჯერ არ არის, რადგან ჯერ კიდევ წინ არის პანდემიის ეტაპები.

 

სანამ ჯანმო პანდემიის დასრულებას არ გამოაცხადებს, შედარებების გაკეთება ყოველთვის სპეკულაციური იქნება

 

და მოდელის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც საკმარისად მოძებნიან თავიანთი პოზიციის დამცავ არგუმენტებს, თანაც ინფორმაციას ისე წარმოაჩენენ, როგორც მათი პოზიციის დაცვას დასჭირდება.

 

ამჟამად შვედეთის მოდელის მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ამ ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილობის მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

 

სინამდვილეში, შვედეთი კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვით დღეის მდგომარეობით 25-ე ადგილზეა და თითქმის 2-ჯერ ჩამორჩება, მაგალითად, ბელგიასა და ესპანეთს.

 

სიკვდილობის მაჩვენებლით კი არა პირველ, არამედ მე-8 ადგილზეა და ჩამორჩება კარანტინის ზომების გამტარებელ საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, ბელგიას, ბრიტანეთს.

 

 

შვედეთის კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოსთვის მოდელი უნდა იყოს - ჯანმო
2020-04-30შვედეთის კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოსთვის მოდელი უნდა იყოს - ჯანმო

 

 

რაც შეეხება იმ ციფრს, რომელსაც ეყრდნობოდნენ, როცა შვედეთს სიკვდილობით პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანად აცხადებდნენ, ეს არის მაისის ერთი კვირის მაჩვენებელი და არა საერთო.

 

ერთი კვირის მონაცემით კი საერთო სურათზე მსჯელობა ჯერ ალბათ არ შეიძლება.

 

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც შვედეთის მოდელის მოწინააღმდეგეებს მოყავთ, არის ის, რომ შვედები ისედაც დისტანცირებულები არიან ერთმანეთისგან.

 

ეს ალბათ ძალიან სუსტი არგუმენტია, რადგან ინფექციის გავრცელების რისკის შემცველ ადგილებში, რომლებიც კარანტინის მქონე ქვეყნებშია დაკეტილი (მაგალითად, რესტორნები),

 

ძნელად წარმოსადგენია, როგორ დისტანცირდებიან შვედები მეტად, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები.

 

აქვე მინდა დავაკონკრეტო, რომ მე არ ვარ შვედეთის მოდელის ფანების რიცხვში და საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჯერ ვერავინ გააკეთებს ზუსტ დასკვნებს, რომელი ქვეყანა ებრძვის უკეთ ვირუსს და რომელი უარესად.

 

მშრალი ციფრებით მანიპულირებაც არასწორია, რადგან ქვეყნებს შორის ძალიან დიდი განსხვავებებია ტესტირების, სტატისტიკური აღრიცხვის და სიკვდილის შემთხვევების რეგისტრაციის კუთხით“, – წერს მაია ბუწაშვილი.

 

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, შვედეთი დასავლეთ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც მკაცრი საკარანტინო ზომები არ შემოიღო.

 

პირიქით, შვედეთში მაღაზიები, რესტორნები, ბარები და სკოლები კვლავ ღიაა. ქვეყანას არც საზღვრები ჩაუკეტავს.

ავტორი: Prime Time

X