
ინტერნეტპორტალი „ჩვენ ვარსებობთ-ხმა აფხაზეთიდან” დევნილი გოგონას საოცარ ისტორიას აქვეყნებს, რომელიც მას ე.წ. „საზღვარზე” გადახდა.
„ადგილი, სადაც პირველად წარმოვთქვი სიტყვა დედა… ადგილი, სადაც ადამიანების სიყვარული და პატივისცემა ვისწავლე. ადგილი, რომელმაც ამჟამად არსებულ პიროვნებად ჩამომაყალიბა.
როგორც ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, ჩემს ცხოვრებაშიც იყო დღეები, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა, მაგრამ გონებიდან ვერ/არ იშლებიან.
აფხაზეთში ყოფნის დროს, გული ორად მქონდა გაყოფილი და სახეს სევდანარევი ღიმილი ფარავდა.
ვფიქრობდი იმ ცხოვრებაზე, რომელიც ენგურს გაღმა მელოდა, სხვა საზოგადოებას მაზიარებდა და შემახვედრებდა სხვა ცხოვრებისეულ ბარიერებს.. ხოდა, მინდა ჩემი ერთი დღის ნამდვილი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც მხოლოდ ერთ-ერთია სხვა ბარიერებს შორის…
ერთი უბრალო დღე იყო… რადგან ენგური ჩაიკეტა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსახვედრად, მხოლოდ ერთი, ე.წ. შავი გზა იყო დარჩენილი… საღამოს საათები იყო. რომ გითხრათ არ მეშინოდა-თქო, მოგატყუებთ, მაგრამ მხოლოდ საქართველოს სიყვარულზე და იმ ფაქტზე მეფიქრებოდა, რომ „საზღვრის“ გადაკვეთის შემდეგ, თავისუფალი ვიქნებოდი, ყოველგვარი შიშების გარეშე.
შიშების, რომლებიც ყოველდღიურად მაძლიერებდნენ და უფრო მიღრმავებდნენ ჩემი სამშობლოს სიყვარულს.
სანამ უშუალოდ „საზღვრამდე“ მივიდოდით, შიში, ტკივილი და სხვა მრავალი გრძნობა ერთად ირეოდა. დავიწყეთ ე.წ. გადაპარვის მისია.
როცა უშუალოდ მდინარესთან აღმოვჩნდით, უეცრად რუსების ხმა მოგვესმა და შეშინებული ხალხისგან შემდგარი ჯგუფი, სხვადასხვა მიმართულებით დაიფანტა.
სამწუხაროდ, მე ჯგუფს ჩამოვრჩი და ჩემი ძალებით ვცდილობდი დავწეოდი მათ, მაგრამ უშედეგოდ.
მივრბოდი ოცნებისკენ, რომელსაც თავისუფლება ერქვა.
ჩემდაუნებურად ფეხებში უჩვეულო სირბილე ვიგრძენი. შემეშინდა, მაგრამ თავს ვიწყნარებდი, იქნებ უბრალოდ ხის მორია ან მსხვილფეხა პირუტყვი. გადავახტი ამ ადგილს და გავაგრძელე მთელი ძალით სირბილი, ერთი წუთის შემდეგ მომესმა რუსულენოვანი ხმა:
– გაჩერდი თორემ გესვრი!
თურმე რუს ჯარისკაცს დავაბიჯე, რომელიც მიწაზე იყო სპეციალური ფორმით დამალული.
ამ სიტყვებმა ჩემ თავში სრული რევოლუცია მოახდინა. ვფიქრობდი ათას რამეზე, გამეგრძელებია გზა და გავქცეულიყავი თუ ჩავბარებოდი რუსებს, რომლებიც უკან მომაბრუნებდნენ.
საბოლოოდ მაინც ადამიანურმა შიშმა შემიპყრო, რაც ბუნებრივია და გავჩერდი. არ მინდოდა ძალიან პატარა ასაკში, თან ჩემსავე მიწაზე, რუსს ესროლა ჩემთვის.
საკუთარ თავზე მეტად მშობლებზე ვფიქრობდი, რომლებიც შორიდან შემომცქეროდნენ.
გავჩერდი თუ არა მომმვარდა რუსი ჯარისკაცი და როგორც დამნაშავეს საკუთარ მიწაზე „გადაპარვისთვის“, ხელები შემიკრა, ბორკილები გამიკეთა და დაიწყო ჩემი როგორც საზღვრის დამრღვევის წინააღმდეგ თავისი საქმიანობის შესრულება.
წამომიყვანეს ბორკილებით.
გულში ვფიქრობდი და ვნატრობდი რომ წამი გაჩერებულიყო, ჩემს მიწაზე მაპატიმრებდა პირი, რომელიც უცხო ქვეყნიდან იყო ჩამოსული და მზღუდავდა.
სამხედრო მანქანაში უამრავი ჩემნაირი დამხვდა, რამაც, სიმართლე გითხრათ, გამახარა კიდეც… მარტო არ ვიყავი…
ჩამსვეს და გამაქანეს გალში, სადაც საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, ჯარიმებს წერდნენ.
გადავიხადეთ და გამომიშვეს, თუმცა ფსიქოლოგიურად იმდენად მძიმე იყოს ეს, ვერანაირი ჯარიმა ვერ ანაზღაურებს….
მალე ენგურის ხიდიც გაიხსნა და შემეძლო უპრობლემოდ გადავსულიყავი ხიდით, მაგრამ თუ გინდათ ჯიუტი მიწოდეთ, თუ გინდათ პრინციპული, მაინც იმ გზით წავედი, სადაც ერთხელ უკვე დამიჭირეს და მივაღწიე მიზანს.
მე გადავლახე ენგური და უკან მოვიტოვე რუსები, მაგრამ იქვე დამრჩა მშობლები, ჩემი სახლი, ჩემი ეზო, ადგილი, სადაც გავიზარდე და ტალახის ტორტებს ვაცხობდი.
მიყვარს ჩემი მიწა და მას ვერავინ წამართმევს!
„მე დაკარგულად არ ვთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია“.
მე ქართველი ვარ, აფხაზეთიდან“,- წერს გოგონა.
ავტორი: თეა შონია























