
ფოთში, 2 ივლისს 43 წლის ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობაში, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირები ფიგურირებდნენ. ამ ყველაფერს კი წინ ე.წ.გარჩევა უძღოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ვაჟა ტყებუჩავა რამდენიმე პირმა სასტიკად სცემა. მას მიყენებული აქვს სხვადასხვა დაზიანება, ცემის შემდეგ კი მოხვედრილი აქვს ორი ტყვია გულ-მკერდის არეში.
ახლობლების თქმით, იგი სასტიკად არის ნაწამები და გადატეხილი აქვს ხელის მტევნები, ასევე ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი. მისი ცხედარი, სავარაუდოდ, სამარშრუტო ტაქსით მიიტანეს და დააგდეს ნანადას უბნის ქალაქის ნაგავსაყრელზე.
„შემთხვევით მეზობელი ძროხას ეძებდა, ნახა ახალგაზრდა კაცის ცხედარი და გამოიძახა 112. იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, იგი გარდაიცვალა”,-გვითხრა თვითმხილველმა.
მისივე თქმით,საქმეში ფიგურირებს 7 პირი, რომლებმაც ვაჟა ტყებუჩავა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს. იგი კონსტიტუციის ქუჩაზე მამასთან ერთად ცხოვრობდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია იძიებს. საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებული ჯერჯერობით არავინაა. ცხედარს ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდა.
ავტორი: თეა შონია























