20:47 | 2020-06-13 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გაიცანით 13 ივნისის გმირი, რომლის ფოტოები თანადგომის სიმბოლოდ იქცა

გაიცანით 13 ივნისის გმირი, რომლის ფოტოები თანადგომის სიმბოლოდ იქცა

13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, ახალგაზრდების ერთიანობაზე ბევრი დაიწერა და ბევრიც თქმულა. თუმცა, ერთ-ერთი გმირის ფოტო ისტორიას შემორჩა. ეს კადრი თავდადებისა და თანაგრძნობის სიმბოლოდ იქცა.

 

 

მას ვეფხისტყაოსნის გმირებს ადარებდნენ, გამოხმაურებებიც პოზიტიური იყო.

 

„იცით ერთმა ბიჭმა საოცრად გამაოცა. დიდი ბიჭი იყო, დიდი! აი, ტარიელის და ავთანდილის ხელა.

 

თავისზე უფრო დიდ მორებს მიათრევდა დაუღალავად, შეუსვენებლად. დათვივით აბიჯებდა და ლომივით ხმაურიანად სუნთქავდა. თავის ძალას შესაბამისად იყენებდა!!!

ის ბიჭი, ყველა გოგო და ბიჭი ერთად აღებული საქართველო იყო!“ – წერდა ჟურნალისტი.

 

„ტარიელის და ავთანდილის ხელა“ ბიჭს „პრაიმტაიმი“ ესაუბრა. ნიკუშა დოლიძე ახლა, 27 წლისაა. ის კალათბურთელია და პარალელურად, დოქტორანტურაში სწავლობს.

 

ამბობს, რომ გმირული არაფერი გაუკეთებია. მისთვის გმირები ჯარისკაცები არიან.

 

ქალაქში ტრაგედია ტრიალებდა და ჩემს ადგილს იქ ვხედავდიო, აღნიშნა. ახარებს ის ფაქტი, რომ მისი მაგალითი სხვებისთვის მისაბაძი გახდა.

 

„გადამეტებული მგონია ჩემს შესახებ ის ეპითეტები, რომლითაც საზოგადოება მამკობდა. გმირობა ჩემთვის სულ სხვა რამ არის, ჩემთვის ასეთები შინდისის გმირები არიან.

 

ქუჩაში გასვლა და ჩემი პატარა წვლილის შეტანა მაშინ გადავწვიტე, როცა ტელევიზიით შემზარავი კადრები ვნახე.

 

ჩემი თანატოლი გოგო-ბიჭები შრომობდნენ და მე რომ იქ არ ვყოფილიყავი, ძალიან შემრცხვებოდა. უბრალოდ, გული ვერ გიძლებს, როცა საჭირო ხარ და იქ არ მიხვიდე…

 

ჩემი ფოტო რომ გავრცელდა, გამოხმაურებები ძალიან პოზიტიური იყო, რაც რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ მართლა გულწრფელად ვფიქრობ, რომ გმირობა ეს არ არის.

 

 

ჩემთვის გმირები შინდისის მებრძოლები არიან.

 

გამოხმაურებებს შორის იყო იუმორისტული კომენტარებიც – ვიღაცა წერდა დათვივით აბიჯებდა და ლომივით სუნთქავდაო, მას უპასუხეს, არ ესროლოთ ჩვენიანიაო

 

ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ის ფაქტი იყო, რომ ბევრი ჩემი ისეთი ნაცნობი გამოვიდა დასახმარებლად, რომლებიც მანამდე, საკუთარ ეზოებს არ დაასუფთავებდნენ.

 

მირეკავდნენ, რა არის საჭირო, რა გავაკეთოთო. ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ყველა ერთად დავდექით ხალხის დასახმარებლად.

 

ზოგი წყალს და საჭმელს არიგებდა, ზოგიც ფიზიკურად შრომობდა, ვისაც რა შეეძლო, იმას აკეთებდა.

 

მხარდაჭერა მართლა გადამდებია და ეს ძალიან კარგია. თუმცა ცუდი ისაა, რომ მაინცდამაინც სტიქია ხომ არ უნდა მოხდეს, რომ ასე დავეხმაროთ ერთმანეთს?!

 

ახლა, დოქტორანტურაში ბიზნესის მიმართულებით ვსწავლობ და თელავში პირველ ლიგაში კაპიტნად ვიყავი.

 

პანდემიის გამო ვარჯიში შეგვიჩერდა. კალათბურთის მოედანი დახურულია და დახურულ სივრცეში თავშეყრა დაუშვებელია.“ – ამბობს ნიკუშა დოლიძე.

 

ფოტოს ავტორი: ლიზა ტუღულაშვილი

 

დრამატული ფოტოები - რა ხდებოდა 5 წლის წინ თბილისში, რომელიც სტიქიური უბედურების ზონად იქცა
2020-06-12დრამატული ფოტოები - რა ხდებოდა 5 წლის წინ თბილისში, რომელიც სტიქიური უბედურების ზონად იქცა

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X