
ლინა მედინა პერუში, 1933 წელს, იუველირის ოჯახში დაიბადა. ხუთი წლის გოგონა შეშინებულმა მშობლებმა საავადმყოფოში წაიყვანეს.
იმ დროისთვის მას უკვე საკმაოდ დიდი მუცელი ჰქონდა და ექიმები ფიქრობდნენ, რომ გოგონას სიმსივნე ჰქონოდა.

ძალიან გაოცდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ გოგონას სიმსივნე კი არ ჰქონდა, არამედ – ორსულობის მეშვიდე თვეში იყო.
დოქტორმა ჟერარდო ლოსადამ, რომელიც გოგონას მკურნალობდა, ის დედაქალაქის საავადმყოფოშიც მიიყვანა, რათა დარწმუნებულიყო, რომ არ ცდებოდა და ლინა ნამდვილად ბავშვს ელოდა.

თვე-ნახევრის შემდეგ, 1939 წლის 14 მაისს, საკეისრო კვეთის დახმარებით, ლინას ვაჟი შეეძინა. ბიჭი სრულიად ჯანმრთელი იყო და 2.7 კგ იწონიდა. მას ექიმის – ჟერარდოს სახელი დაარქვეს.
ოპერაციის დროს ექიმმა შენიშნა, რომ მიუხედავად იმისა, ლინა მხოლოდ ხუთი წლის იყო, სქესობრივი ორგანოები განვითარებული ჰქონდა, როგორც ზრდასრულ ქალს.
მენსტრუაციული ციკლი ორი წლისას დაეწყო.
ლინას იშვიათი დიაგნოზი – ნაადრევი მომწიფება დაუდგინეს. ბიჭს ლინას მშობლები ზრდიდნენ და 10 წლამდე იცოდა, რომ ლინა მისი და იყო.

პატარას მამა
ყველას აწუხებდა ერთი შეკითხვა: ვინ იყო ის ადამიანი, ვინც პატარა გოგო დააორსულა.
პირველი ეჭვმიტანილი, რა თქმა უნდა, თავად ლინას მამა იყო. პოლიციამ მაშინვე დააკავა, მაგრამ მამაკაცი გაათავისუფლეს მტკიცებულებების არქონის გამო.
ლინამ არ გაამხილა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ბავშვის მამა და რა მოუვიდა მას. იგი მთელი ცხოვრება დუმდა და მამის სახელი, ისევე, როგორც გარემოებები, უცნობი დარჩა.

არსებობდა ეჭვი, რომ სოფელში, საიდანაც ლინა წამოვიდა, ზოგჯერ დღესასწაულებს აღნიშნავენ, რომლებიც ორგიებით სრულდება. ალბათ, ერთ-ერთ ასეთ ორგიაში მონაწილეობდა გოგონა.

შემდგომი ცხოვრება
ექიმი ჟერარო ლოსადა პასუხისმგებლობას გრძნობდა თავისი პატარა პაციენტის მიმართ. მან გოგონას განათლება მისცა, მოგვიანებით კი თავის კლინიკაში მდივნად დააწყებინა მუშაობა.
სამწუხაროდ, ლინას ვაჟი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მან მხოლოდ ორმოცი წელი იცოცხლა და გარდაიცვალა ძვლის ტვინის კიბოთი.
მის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, ლინამ მეორე ვაჟი გააჩინა და ცოლად გაჰყვა კაცს, სახელად რაულ ჰურადოს.

მის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, ისევე, როგორც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა დედის ცხოვრების შესახებ.
ის და მისი მეუღლე პერუს დედაქალაქის ღარიბულ რაიონში ცხოვრობდნენ და ეს არის ყველაფერი, რაც მის შესახებაა ცნობილი.
იყო ეჭვები, რომ ეს ამბავი ყალბი იყო, მაგრამ შემონახულია ლინას მშობიარობის დოკუმენტები და ფოტოები.
გარდა ამისა, ეს რომ იყოს ოჯახის მიერ სენსაციით გამდიდრების მსურველი გამოგონილი ამბავი, უცნაური იქნებოდა, ამაზე დუმილი.
ლინას ინტერვიუ არასოდეს მიუცია და ყოველთვის უარს ამბობდა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.






















