22:22 | 2021-02-14 ავტორი: Prime Time

გაიცანით მარნეულელი თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც მისთვის სრულიად უცხო ჟანრში ხატავს

გაიცანით მარნეულელი თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც მისთვის სრულიად უცხო ჟანრში ხატავს

მარნეულელმა თვითნასწავლმა მხატვარმა, ნინი ცარციძემ 11 წლის წინ მისთვის სრულიად უცხო ჟანრში დაიწყო ხატვა. ნინი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ მისი ნამუშევრები რა ჟანრს მიეკუთვნება არ იცის და მსგავსი არც უნახავს არსად.

 

თვითნასწავლი მხატვარი პროფესიით ფარმაცევტია და ამ მიმართულებით მუშაობდა კიდეც, თუმცა როგორც ჰყვება, ხატვა მას არასდროს შეუწყვეტავს. ეს მისთვის დიდი თერაპიაა და ამ საქმეში მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ოჯახი, განსაკუთრებით კი მეუღლეა.

 

მხატვარი ქაღალდზე კალმით ასრულებს ნამუშევრებს, თავდაპირველად, იგი მხოლოდ შავი კალმით ხატავდა, ამ ეტაპზე კი უკვე ოთხ ფერში შესრულებული ნამუშევრები აქვს.

 

– ნინი რა ჟანრში ხატავ და პირველად რა ასაკში შეასრულე ნამუშევარი?

 

ზოგადად ბავშვობიდან კარგად ვხატავ, მე ტყუპი დაიკო მყავს და ჩვენი ნახატები სკოლაში, კლასში ყველაგან გამოირჩეოდა ხოლმე, თავიდან აბსტრაქციებს ვხატავდი მაგრამ რაღაც ჩემი თავი ვერ ვიპოვე, ამ სტილში პირველად 11 წლის წინ დავხატე, როგორც ვთქვი, ტყუპის ცალი მყავს და ტყუპი გოგოები დავხატე, ჩვენს თავთან გავაიგივე, ჩვეულებრივი შავი კალმით ვხატავდი, შემდეგ Facebook-ზე დიდი მოწონება დაიმსახურა და ამბობდნენ, ფეტვიაშვილის სტილში ხატავო. ახლა რომ ამას ვამბობ, ძალიან მრცხვენია, მაგრამ არ ვიცოდი ვინ იყო ფეტვიაშვილი, ერთხელაც დავგუგლე და მისი ბიოგრაფიით და ნამუშევრებით დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. რა თქმა უნდა, მე მას ჩემს თავს არ ვადარებ, მას წვრილმანი დეტალებიც კი დაცული აქვს  ნამუშევრებში, მისი ნახატები კიდე სულ სხვა სტილია, ცხოველების თავები, წაგრძელებული თვალები და თბილი ფერები.

 

– თქვენ რა ფერებში ხატავთ და რას ძირითადად?

 

მე თავიდან შავი ფერით დავიწყე, შემდეგ მირჩიეს კიდეც და წითელი ფერი დავამატე, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ამ ეტაპზე ოთხ ფერში ვხატავ: წითელი, შავი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი, მაქვს ერთი ნახატი ,სადაც ლურჯი ფერიც მაქვს გამოყენებული. ძალიან მომწონს ხასხასა ფერები და თავსაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

 

ვხატავ ქალებს და ყველა ნახატში ხაზს ვუსვამ ქალის სიძლიერეს, ეს სიძლიერე კი გამოიხატება უხეშ მაგალითად, სამკაულში, საყურე, გვირგვინი და ა.შ.

May be art

May be an illustration

მაქვს ბუ დახატული, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე შეკვეთითაც დავხატე. ჩემს ნახატებში სიტუაციაც ამიწერია, მაქვს ძალიან პირადული ნახატებიც, რომლის შინაარსზე არ ვსაუბრობ და ჩემთვის ვიტოვებ, რადგან ძალიან ჩემად მიმაჩნია.

– რა მასალაზე გაქვთ ნამუშევრები შესრულებული და განსაკუთრებულად საყვარელი ნახატი თუ გაქვთ ,რომელსაც ვერასდროს ვერ გაასხვისებთ?

 

ამ ეტაპზე, ვხატავ მხოლოდ ქაღალდზე და სამომავლოდ ვაპირებ ტილოზე საღებავებით ხატვასაც, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ. თუმცა, მზად მაქვს გადაჭიმული ტილოებიც და საღებავებიც, ალბათ ამის დრო არ მოსულა, ჯერჯერობით, ასეც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს,

May be an illustration

რაც შეეხება განსაკუთრებულად საყვარელ ნამუშევარს, კი მაქვს ასეთი, მაგრამ არის ერთი, რომელიც პირველი ორსულობის დროს დავხარე „ორსული ქალი“. ახლაც ორსულად ვარ და ვმუშაობ კიდევ ერთ ნახატზე რომელიც თითქმის დავასრულე.

„ორსული ქალი“, ეს ნამუშევრები სამახსოვროდ მინდა მქონდეს.

May be art

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time

X