12:33 | 2020-06-06 ავტორი: თეონა აბესაძე

გაიცანით ქალი, რომელმაც 60 წლის ასაკში ხატვა დაიწყო – ფოტოები

გაიცანით ქალი, რომელმაც 60 წლის ასაკში ხატვა დაიწყო – ფოტოები

„პრაიმტაიმის“ მკითხველს გვინდა გავაცნოთ თვითნასწავლი მხატვარი აჭარიდან დოდო ბოლქვაძე, რომელმაც 60 წლის ასაკში პირველად აიღო ფუნჯი და ხატვა დაიწყო.

 

მის ნახატებში წითელი და ღია, კონტრასტული ფერები ჭარბობს. ძირითადად ყვავილები და ბუნებაა მისი შთაგონების წყარო, თუმცა იშვიათად პორტრეტებსაც ხატავს.

 

– ქალბატონო დოდო, როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

– კარგი ბავშვობა მქონდა. ბათუმში, ბებია–ბაბუასთან გავიზარდე. ბათუმის №1 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც 1966 წელს დავამთავრე. ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაშიც. დედ–მამა ხულოში მუშაობდა, და–ძმას და მშობლებს ზაფხულობით ვსტუმრობდი. ხშირად ბეშუმში ვისვენებდით…

 

თვითნასწავლი მხატვარი

– რომელი პროფესია გიზიდავდათ და რომელი აირჩიეთ?

 

– ხელოვნება მიზიდავდა ყოველთვის. ხატვა, ცეკვა, მუსიკა… მაგრამ ვერც ერთი ვერ განვახორციელე. როგორც კი სკოლა დავამთავრე გავთხოვდი. ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა, ამიტომ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე.

 

მხატვარი, რომელიც ნახატებს წაშლის გარეშე, უშეცდომოდ ქმნის
2020-06-03მხატვარი, რომელიც ნახატებს წაშლის გარეშე, უშეცდომოდ ქმნის

 

– მიიღეთ თუ არა სწორი გადაწყვეტილება?

– რა თქმა უნდა, ოჯახური პირობებიდან გამომდინარე ჩემი ოცნება ახალგაზრდობაში ვერ ავისრულე, მაგრამ 60 წლის ასაკში ავიღე ფუნჯი, საღებავები და დავიწყე ხატვა.

 

– როგორია თქვენი ერთი, ჩვეულებრივი დღე…

– ვცხოვრობ მარტო. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.შვილებს თავიანთი ოჯახები აქვთ, ცალკე. გავზარდე ორი შვილი, ორი შვილიშვილი, ისინიც, თავიანთ გზას დაადგნენ. როცა მარტო დავრჩი, მეტი თავისუფალი დრო მომეცა და ხატვა დავიწყე. დილით ადრე, 6 საათზე ვდგები.

 

თუ სურვილი მაქვს, 3–4 საათი ვხატავ. შემდეგ შვილებს ვსტუმრობ. ხშირად გონიოში მანქანით ვსეირნობ. ვტკბები ბუნებით, ზღვით და ჩემთვის ვამბობ: „რა ბედნიერებაა ამ ქვეყნად ყოფნა ჯანმრთელად როცა ხარ!”

 

„როცა სამყარო გაჩერდა“ - მხატვარი, რომელმაც პანდემიის მფარველი წმინდანები, ერთ ხატში გამოსახა
2020-05-15„როცა სამყარო გაჩერდა“ - მხატვარი, რომელმაც პანდემიის მფარველი წმინდანები, ერთ ხატში გამოსახა

 

– როდის ხართ ყველაზე ბედნიერი?

– ბედნიერება! ეს ფართო მცნებაა! ბედნიერი ვარ, როცა ჩემი ოჯახის წევრები ჯანმრთელად არიან, ჩემს ირგვლივ ახლობლები კარგად არიან, ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი კარგად არის.

 

ბედნიერი ვარ, როცა მუსიკას ვუსმენ, ნიჭიერი, ჭკვიანი ადამიანების საუბარს ვუსმენ… ბედნიერების შეგრძნება უამრავ რამეში გამოიხატება! მთავარია: აღითქვა, შეიგრძნო და გამოხატო. მაგრამ, საუბედუროდ ყოველთვის ბედნიერი ვერ იქნები.

 

– საყვარელი ფერი…

– ჩემი საყვარელი ფერია შავი და წითელი. შავს უფრო მეტად სამოსზე ვიყენებ. ხატვისას კი წითელს და ღია კონტრასტულ ფერებს. წითელს რაღაც მისტიკური ძალა აქვს.

 

– თქვენი ნახატები ყველაზე მეტად წარმოაჩენს…

– ვერ გეტყვით, რას წარმოაჩენს ჩემი ნახატები. იმპრესიონიზმი მიყვარს: მანე, მონე, რენუარი… ახალგაზრდობაში ბევრს ვმოგზაურობდი.

 

აქტუალური იყო მუზეუმების, ხატვის გალერეების დათვალიერება. საოცარ შთაბეჭდილებებს ვღებულობდი და სულ მინდოდა, რაღაც მეც შემექმნა.

 

 

უმეტესად ყვავილების ხატვა მიყვარს, ვხატავ ბუნებას, იშვიათად პორტრეტებს. ,,ვიქექები”ინტერნეტში, ვაკვირდები სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრებს, რაღაცებს ვიღებ მათგან, მაგრამ საბოლოო არის ჩემი,საკუთარი, რაც მოდის ჯერ ზემოდან და მერე ჩემგან.

 

ხატავდით თუ არა თვითიზოლაციაში?

–რა თქმა უნდა, ვხატავდი. თვითიზოლაციას, ჩემი დღის წესრიგი არ შეუცვლია. არის პერიოდი, როცა არ მაქვს ხატვის სურვილი. მაგალითად ზაფხულში… მაწუხებს სიცხე, კონდენციონერი… მარტოც არ ვარ. თბილისიდან შვილიშვილი ბავშვებით მსტუმრობს. უმეტესად ზაფხულში ზღვაზე დავდივარ.

 

თვითნასწავლი მხატვარი გოგონა, რომელიც ფიროსმანის ნახატების ასლებს ხატავს
2020-05-12თვითნასწავლი მხატვარი გოგონა, რომელიც ფიროსმანის ნახატების ასლებს ხატავს

 

– უახლოესი გეგმა და მიზანი…

– ასე, თუ ისე ასაკში ვარ. მე საზოგადო მიღვაწე არ გახლავართ. რამე სერიოზული გეგმა ხატვასთან დაკავშირებით არ მაქვს. 2012 წელს ბათუმის მუზეუმში ბესო ბესელიას რჩევით ჩემი ნახატების გამოფენა მქონდა.

 

წელს ჩემმა შვილიშვილმა „მხატვართა გილდიაში” ფერწერული ნამუშევრების, პერსონალური 3D გამოფენა გამიკეთა. ვხატავ ჩემი შინაგანი მოთხოვნილებით. არც შედევრის შექმნას (არც და ვერც) ვაპირებ.

 

სიხარულს, ბედნიერებას მანიჭებს, ხატვის პროცესი. რა თქმა უნდა, ჩემი ნახატების სრული თვითკმაყოფილება არ მაქვს, მაგრამ, რაც შემიძლია, რაც გამომდის, რასაც სული და უფალი მკარნახობს იმას ვხატავ.

 

საერთოდ ერთს ვიტყვი: თურმე დიდი ნიჭი არ ყოფილა საჭირო. მთავარია იღბალი და ვინმე დიდმა მხატვარმა გაღიაროს ! (არ დავასახელებ ზოგიერთ ცნობილ მხატვარს, მომღერალს) ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

 

 

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი

ავტორი: თეონა აბესაძე

X