20:18 | 2020-06-13 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გაიცანით ქართველი ახალგაზრდა დიზაინერი, რომლის სამოსი დანიაში იყიდება

გაიცანით ქართველი ახალგაზრდა დიზაინერი, რომლის სამოსი დანიაში იყიდება

„Mattasi“ – ეს ქართველი დიზაინერის ბრენდია, რომელსაც მილანის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიუ-იორკის მოდის კვირეულებიდან უკვე კარგად იცნობენ.

 

მატა ცერცვაძის შექმნილი სამოსი რამდენიმე თვეა, უკვე დანიაში იყიდება და მის სამოსს დანიელი სელებრითები ატარებენ.

 

„ძალიან დიდი გამოცდილებაა მსოფლიო მოდის კვირეულებზე დასწრება და ე.წ. ბექსთეიჯში როგორ ემზადებიან პოდიუმზე გამოსასვლელად.

 

რაც დიზაინს ეხება ყველაფერი მაინტერესებს. გარდა იმისა, რომ სამოსსა და აქსესუარებს ვქმნი, ფოტოებსაც თავად ვიღებ და ბლოგებსაც ვწერ.

 

მიხარია, რომ საქართველოში მოდის სტანდარტი იხვეწება. ამაში დიდი წვლილი Mercedes Benz-მა შეიტანა.

 

ნელ-ნელა მსოფლიო მოდის რუკაზე თავს ვიმკვიდრებთ. ქართველი დიზაინერები ცნობილები გახდნენ დემნა გვასალიას დამსახურებით.

 

სამხატვრო აკადემია დავამთავრე. მერე გავიმარჯვე კონკურსში „ბინექსი“, რომელიც სოფო ჭყონიას ორგანიზებულია. შემდეგ, აიედის უნივერსიტეტმა დამაფინანსა და იტალიაში, მოდის მარკეტინგს ვსწავლობდი.

 

კონტაქტებიც იქიდან მოდის, მიმიწვიეს მილანის მოდის კვირეულზე და უკვე რამდენიმე წელია, ვმონაწილეობ.

 

ჩემი კოლექციებიც ჩამაქვს და შოურუმში ვათავსებთ. ინტერესი რომ დიდია, ჩემთვის ეს კარგი მოტივაციაა. არაერთ ცნობილ მოდელსა და დიზაინერს აღუნიშვნავს, რომ საინტერესო ლუქი გაქვსო, ყველა ასეთ შემთხვევაში, ჩემი შეკერილი სამოსი მეცვა.

 

 

 

ახლა, სიახლე ისაა, რომ უკვე ჩემი ბრენდი, „Mattasi“ დანიაში, კოპენჰაგენში იყიდება.

 

საქართველოში ჩემი ბრენდის სამოსს ულამაზესი თაკო ნაცვლიშვილი ატარებს და ეს ძალიან მახარებს.

 

დანიაშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პანდემიამდე ჩემი ერთი კოლექცია, დეკემბერში ჩავიტანე, მეორე – მოდის კვირეულის შემდეგ.

 

მიხარია, რომ ისეთი ცნობილი გამოცემები წერენ „Mattasi“-ის შესახებ, როგორიცაა Vogue, ELLE, Harper Bazaar და ა.შ.

 

 

მინდა და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კიდევ ბევრ ქვეყანაში განვითარდეს ჩემი ბრენდი და პირველ რიგში, საქართველოში.

 

ბავშვობიდან ბარბისთვის სამოსს ვკერავდი. დედა და დეიდა იხსენებენ, რომ დიდი ინტერესით ვათვალიერებდი ჟურნალებს და ვაკვირდებოდი მოდას.

 

სასიამოვნოა, როცა შენი შექმნილი ხაზით ქალბატონებს აბედნიერებ.

 

ვმუშაობ როგორც კოლექციაზე, ისე – ინდივიდუალურად და მაქსიმალურად ვცდილობ დამკვეთის ხედვა გავიზიარო” – ამბობს მატა ცერცვაძე.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X