21:30 | 2020-12-10 ავტორი: Prime Time

გაიცანით, ქართველი ოფიცრის 10 წლის შვილი, რომლის შემოქმედებით ბრიტანული მედია დაინტერესდა

გაიცანით, ქართველი ოფიცრის 10 წლის შვილი, რომლის შემოქმედებით ბრიტანული მედია დაინტერესდა

10 წლის ელენე ქართველი ოფიცრის – დავით ჩხეტიანის შვილია. 42 წლის პოლკოვნიკი, 16 წლიდან ქვეყნის სამსახურში დგას.

 

დავითი აგვისტოში, ოჯახთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დიდ ბრიტანეთში, თავდაცვითი სწავლებების სამეფო კოლეჯში სასწავლებლად გაგზავნა. სწორედ იქ, ბრიტანეთში მცხოვრები სამხედროების  შვილებისათვის გამოცხადდა 10-დან 19 წლამდე კატეგორიის ბავშვებისათვის კონკურსი.

 

კონკურსი ორგანიზაცია PaperChain-მა გამოაცხადა, რომლის ორგანიზატორებიც ალან სმიტი და დეივიდ კენდელი არიან.

 

პროექტი ბავშვის თვალით დანახული მსოფლიოს 2020 წლის მოვლენების (პანდემიის, ლოქდაუნის და სხვა მნიშვნელოვანი შემთხვევების) გადმოცემას ითვალისწინებდა. მონაწილეებს საკონკურსო ნამუშევრები ჩანახატის, ნახატის, ლექსის ან მოთხრობის სახით უნდა წარედგინათ.

 

ელენე, ამჟამად ლონდონის წმინდა აგატას დაწყებითი სკოლის, მე-6 კლასის წარჩინებული მოსწავლეა.

 

დედასთან, ნათია ჯანელიძესთან საუბრისას გავიგეთ, რომ მათ ამ კონკურსის შესახებ, შედარებით გვიან გაიგეს, ამიტომ, როცა პროექტში მონაწილეობა გადაწყვიტეს, დრო იმდენად ცოტა ჰქონდათ, რომ ელენეს სულ რაღაც 20-30 წუთში მოუწია თავისი ნახატის დასრულება.

 

ნაჩქარევად შესრულებული სამუშაოს მიუხედავად, ელენემ ნახატის გაგზავნის შემდეგ, თავის ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი დაიმსახურა და ოქროს მედალიც მიიღო.

 

მშობლებისთვის მოულოდნელი იყო, როდესაც კონკურსის შედეგბი BBC Radio-სა და BFBS UK-ში გაშუქდა და ბრიტანეთის არაერთი გამომცემლობა (მაგ: Soldier Magazine, The Big Issue, Inside Time and The Bookseller) მათი ქალიშვილით დაინტერესდა.

 

(დაუსრულებელია – სურათი ხატვის პროცესშია გადაღებული)

მიუხედავად იმისა, რომ ელენეს ხატვა უყვარს, ხატვის გაკვეთილებზე, არასდროს უვლია.

 

10 წლის გოგონას ნამუშევარმა ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია პროექტის ჟიურის წევრბის მხრიდანაც.

 

ჟიურიში წარმოდგენილები იყვნენ მსოფლიო დონის თანამედროვე მწერლები, მხატვრები და ხელოვნების მოღვაწეები, ისეთები როგორებიც არიან: სტივენ ქელმენი, მარტინა ქოული, ანტონი ჰოროვიცი (Anthony Horowitz) და დეგარდი (DEGARD).

 

მნიშვნელოვანია, რომ ჟიურიმ ყურადღება გაამახვილა ელენეს ნახატის შინაარსობრივ მხარეზე და არა იმდენად პროფესიონალურ შესრულებაზე.

 

ნათია ჯანელიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ის უმნიშვნელოვანესი თემები, რომლებსაც ელენე თავისი ნახატის შექმნისას შეეხო, დამოუკიდებლად მოძიებული, გაგონილი და დამახსოვრებული ინფორმაციის ასახვის შედეგია.

 

– ელენესთვის პანდემიის დროს ლონდონში ცხოვრება როგორია? ნახატში წინა პლანზე, გოგონა მარტო დგას, თვითონაც ასე ხომ არ გრძნობს თავს, მარტოდ? მანდ ჰყავს მეგობრები?

 

– სიმართლე გითხრათ, მეგობრები საქართველოდან ძალიან ენატრება. არ ვიცი თავისი თავი იგულისხმა თუ არა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქ ლოქდაუნი არაა და სკოლაში ჩვეულებრივ დადის, ის მონატრების შეგრძნება, მაინც სულ აქვს.

 

ელენეს ნამუშევარს ორგანიზაცია PaperChain, 2021 წლის ლიტერატურულ ფესტივალ – Hay Literary Festival 2021-ზე წარადგენს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი ნამუშევარი, ასევე PaperChains-ის წიგნშიც დაიბეჭდება.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

X