22:07 | 2020-04-03 ავტორი: Prime Time

გაიცანით ზუგდიდელი ინფექციონისტი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს

გაიცანით ზუგდიდელი ინფექციონისტი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს

ექიმ-ინფექციონისტი ლალი დარახველიძე ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 30 წელზე მეტია მუშაობს.

 

მას ახლა გადაბმულად უწევს მუშაობა, პარალელურად ჟურნალისტებს პაციენტების შესახებ ინფორმაციას დრო და დრო, საჭიროებისამებრ აწვდის.

 

ამჟამად საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით 2 პაციენტი მკურნალობს.

 

ლალი დარახველიძე: „ერთადერთი, რასაც ვგრძნობ ბოქსირებულ პალატებში შესვლისას, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა პაციენტების მიმართ. სხვა საფიქრალი ამ დროს მე არ მაქვს“.

 

Tea Shonia-ს ფოტო.

 

მისივე თქმით, ყველა შემოსულ პაციენტს ის და მისი ყველა კოლეგა ეკონტაქტება.

 

„ჩვენს შორის არის მუდმივი კომუნიკაცია და ერთადერთი, რაც მათ სურთ, მალე გამოჯანმრთელებაა“ – ამბობს ექიმი.

 

მას შემდეგ, რაც საავადმყოფო საგანგებო რეჟიმში მუშაობს, ექიმის გრაფიკი 48-საათიანი გახდა.

 

„დღეში რამდენ ხანს ვმუშაობ ეგ უკვე ამერია. შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ახალ კორონავირუსზე ვმუშაობთ, გვიწევს 24, 48 საათიანი სამუშაო საათის გავლაც.

 

რა თქმა უნდა, დაღლა არის. ასეთი რეჟიმის შემდეგ წარმოიდგინეთ რაც იქნება.

 

ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რასაც ვაკეთებთ და ამაზე არც ვწუწუნებთ.

 

ახლა არ არის წუწუნის დრო, ახლა ერთიანობის და საქმის კეთების დროა“,- დასძენს ინფექციონისტი.

 

პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ იმდენად გადართულია პაციენტებზე და მათ ჯანმრთელობაზე, რომ ყველაზე ნაკლები დრო აქვს ფიქრისთვის.

 

„დავისვენებდი, უფრო მეტ დროს დავუთმობდი ოჯახის წევრებს, შვილიშვილებს, რომლებსაც ძალიან ვენატრები.

 

დაზღვეული არც არაფრისგან არ ვართ. მთავარია გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და შევიგნოთ, რომ ეს რეკომენდაციები ჩვენივე ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო და სასურველი.

 

მადლობა უფალს, რომ ყველაფერს ვუმკლავდებით და თავადაც ხედავთ, რომ შედეგიც გვაქვს იმ ფონზე, რაც ზოგადად ხდება მსოფლიოში.

 

მთავარია რეკომენდაციები დავიცვათ და უბრალოდ დავრჩეთ სახლში, დავიცვათ ჰიგიენური ნორმები და გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ თავს, ასევე ახლობლების, მეგობრების ჯანმრთელობას.

 

ზოგადად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – ამბობს ექიმი.

 

ექიმ-ინფექციონისტის თქმით, ჰყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი.

 

„ისინი ყოველ დღე მელიან. თუმცა, ბოლო დღეებში არ აქვთ ამის ფუფუნება. ვთვლი, რომ მყავს თბილი და ნამდვილი ქართული ოჯახი“, – ამბობს ექიმი.

 

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოში ორი პაციენტი განაგრძობს მკურნლობას. 50 წლის ქალი გალის სოფელ საბერიოდან და 67 წლის კაცი ზუგდიდის სოფელ ზედა ეწერიდან. პაციენტებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

ექიმების თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X