
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილ წესებს.
„მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას;
მოვუწოდებ მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი – შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი – რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!!
მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მოვა მას შემდეგ რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!“, – დაწერა სოციალურ ქსელში მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.
პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს. შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებში მრევლის შეკრებაზეც.






















