
არჩილ ტატუნაშვილის ვაჟკაცობა და თავგანწირვა ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
„დღეს ჩვენი დროის გმირი არჩილ ტატუნაშვილი 37 წლის გახდებოდა. იგი საქართველოს ერთიანობის რწმენისთვის და ერთგულებისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლეს.
მისი ვაჟკაცობა და თავგანწირვა ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება.
მისი გმირობა ყველა ჩვენგანისთვის არის მაგალითი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვემსახუროთ და ვუერთგულოთ საქართველოს, მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას. დიდება გმირებს!“,- წერს გიორგი გახარია.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა, რის შემდეგაც ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 20 მარტს გადმოასვენეს. წ
ამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, კომპლექსურ-კომისიური სასამართლო ექსპერტიზა ჩაატარა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
მისი წამების ბრალდებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებზე, დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.






















