
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობის დატოვებისა და პარტიიდან წამოსვლის შემდეგ “ქართული ოცნებისგან” დამოუკიდებლად პირველ ნაბიჯებს დგამს.
დღეს, 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების დღეა, რასაც გახარია facebook-ის პოსტით გამოეხმაურა.
განცხადებაში გიორგი გახარია გუშინ კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესსაც შეეხო.
წარუმატებელი მოლაპარაკების პროცესის შეფასებისას ექს-პრემიერმა ქვეყანაში არსებული რადიკალიზმისა და პოლარიზების დაძლევის აუცილებლობაზე ისაუბრა.
შეძლებს თუ არა ყოფილი პრემიერი საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების დასრულებას ჩვენ ეს შეკითხვა პოლიტოლოგ, ვახტანგ ძაბირაძეს დავუსვით.
ვახტანგ ძაბირაძის თქმით, პოლარიზების დასრულება აუცილებელია და გახარიას განცხადება მისასალმებელია, თუმცა გახარიამ თავად უნდა დაგვარწმუნოს, რომ პოლარიზების დასრულება შეუძლია და მან ამ პრობლემის დასრულების გზა უნდა შემოგვთავაზოს.
“ძალიან კარგი სურვილი და იდეაა, რომ პოლარიზება უნდა დასრულდეს. ყველა მომხრეა ამის, თვითონ ისინიც, სიტყვიერად მაინც, ვინც პოლარიზებაში გადამწყვეტი ფიგურები არიან. ვინც ამ პოლარიზაციის შემქმნელია ისიც იტყვის, რომ შესანიშნავია, მაგრამ რომ უნდა დასრულდეს ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, თუ იცის როგორ დავასრულოთ ძალიან კარგი, მივესალმები ამას”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს გიორგი გახარია ზუგდიდში ჩასვლას აპირებს და ზვიად გამსახურდიას ძეგლს ყვავილებით შეამკობს.
ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ გახარია ზუგდიდში ჩასვლას აპირებს და იქ მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს, ეს საარჩევნო კამპანიის დაწყება იქნება, რაც, მისი შეფასებით, შეცდომაა.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ გიორგი გახარია “ნაციონალურ მოძრაობას” ამომრჩევლებს ვერ წაართმევს, მან “ქართულ ოცნებაზე” გაბრაზებულ ამომრჩეველზე უნდა იმუშაოს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მომხრე არ გახდა, ეს კი, ძაბირაძის თქმით, საქართველოს ყველა რეგიონში შეიძლება და ზუგდიდში ჩასვლა გახარიას პიარის თვალსაზრისით წარმატებას ვერ მოუტანს.
“საარჩევნო კამპანიას იწყებს, თუ აპირებს ჩასვლას მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის მაინც და მაინც წარმატებული ნაბიჯი პიარის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ეს არის გათვლილი სწორედ ამომრჩეველზე და იმაზე, რომ სამეგრელი ყველაზე ოპოზიციურია საქართველოს რეგიონებიდან და რა თქმა უნდა, მას უნდა, რომ ხმები წამოიღოს. სურვილი სწორია, მაგრამ ზუგდიდიდან დაწყება ამ კამპანიის არამგონია, რომ მაინც და მაინც გამართლებული იყოს. ნაციონალური მოძრაობის ხმებს გახარია ვერ წაიღებს და დანარჩენი ოპოზიციის ხმებზე თუა ლაპარაკი, ზუგდიდში გააკეთებს ამ განცხადებას თუ თელავში სულ ერთია. გახარიამ უნდა იმუშაოს იმ ამომრჩეველზე, რომელიც წავიდა “ქართული ოცნებიდან”, მაგრამ არ მივიდა “ნაციონალურ მოძრაობაში”. ეს არის სეგმენტი, რომელზეც გახარიამ უნდა იმუშაოს, ასეთი ამომრჩეველი არის ყველგან.”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.






















