
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტს სამთავრო კაბინეტი თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. ცვლილება შეეხო მხოლოდ იუსტიციის მინისტრს, რომლის თანამდებობა ისედაც ვაკანტური იყო.
რატომ თქვა უარი „ქართულმა ოცნებამ“ სამთავრობო კაბინეტის განახლებაზე და რისთვის სჭირდება მას ძველი კაბინეტით სამთავრობო უფლებამოსილების განხორციელება?
როგორც „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ საშინაო და საგარეო პოლიტიკის კურსს არ ცვლის, შესაბამისად, არც მინისტრთა კაბინეტის განახლება ჩათვალა საჭიროდ.
„როდესაც მინისტრთა კაბინეტის განახლება არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება იგივე საშინაო და საგარეო პოლიტიკას აგრძელებს. იუსტიციის მინისტრის ცვლილება არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს ადგილი ისედაც ვაკანტური იყო და შეივსო.
ხელისუფლება კმაყოფილია, როგორც ჩანს, თავისი საქმიანობით, ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც არჩევნებამდე იყო. „ქართული ოცნება“ იშვიათად ექვემდებარება პერსონალურ შავ პიარს, შესაბამისად, ზეწოლის გამო, მან მინისტრთა კაბინეტში არავინ შეცვალა“,- განაცხადა ძაბირაძემ.
პოლიტიკის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პარლამენტისთვის სამთავრობო კაბინეტის უცვლელი შემადგენლობით წარდგენა მოსალოდნელი იყო, რადგან გახარია საკუთარ გუნდს არ უღალატებდა.
„მოსალოდნელი იყო, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილება არ განხორციელდებოდა, რადგან არსებობდა დიდი ალბათობა, რომ გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნება.
ბუნებრივია, გახარია საკუთარი გუნდის წევრებს ზურგს არ აქცევდა. მინისტრთა კაბინეტში არის ახალი მინისტრობის კანდიდატი – გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც ძალზე განათლებული, შრომისმოყვარე და წესიერი ადამიანია.
მივესალმები მის დანიშვნას იუსტიციის მინისტრის პოსტზე, თუმცა ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის არაფორმალური მმართველობა“,- განაცხადა ჩიტაძემ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დღეს უნდა დაამტკიცოს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე






















