
დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ომარ ბგანბამ გალში კომენდანტის საათი შემოიღო. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მიზანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
კომენდანტის საათი ღამის 12 სააათიდან დილის ექვს საათამდე იმოქმედებს.
ბრძანება 28 მარტით თარიღდება. დე ფაქტო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შეიქმნა კომისია, რომელმაც ძირითად პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება უნდა დაარეგულიროს.
ამასთან, აფხაზეთში უკვე მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა სახის შეზღუდვებს გულისხმობს. თუმცა ამ მდგომარეობის შემოღების პირველივე დღეს, ოჩამჩირეში 500 კაციანი ქორწილი გადაიხადეს.
სოხუმის მტკიცებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.
- 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 90-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს
ავტორი: თეა შონია






















