
გალისა და გაგრის რაიონებში კომენდანტის საათი გაუქმდა, თუმცა ამავდროულად, 2020 წლის პირველ მაისამდე ხანგრძლივდება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები.
პირველ მაისამდე იკრძალება მასობრივი, კულტურული და სპორტული, ტურისტული და საექსკურსიო ღონისძიებების ჩატარება, უბაჟო ვაჭრობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, საკულტო ობიექტების მონახულება, სილამაზის სალონების და ფიტნეს ცენტრების მუშაობა.
ასევე, 4 მაისამდე შეჩერებულია სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.
ამასთან ერთად, დღეიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნაწილობრივ ამოქმედდება სასურსათო და აგრარული ბაზრები. ეპიდემიოლოგიურ სამსახურთან შეთანხმებული გრაფიკით, სოხუმსა და რესპუბლიკის სხვა რაიონებში ეს ობიექტები კვირაში სამჯერ იმუშავებენ, წერს ინტერნეტგამოცემა „აფსადგილ ინფო“.
დღეის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში Covid – 19-ით ინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველის შემთხვევა აფხაზეთში 7 აპრილს, გაგრაში დაფიქსირდა. ინფიცირებულ მოქალაქეს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც ის მივლინებაში იმყოფებოდა. დანარჩენი ორი შემთხვევა – მისი კონტაქტებია.
ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მესამე შემთხვევაა დაფიქსირებული.
ავტორი: თეა შონია






















