
გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა, იმედიანადაა და ნელ-ნელა იკრებს ძალას, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა.
„ციხის საავადმყოფოშია კვლავ, საკვებს და წამლებს იღებს. რეაბილიტაციის კურსს გადის და რომ დაასრულებს, საპატიმროში გადაიყვანენ. თავს იმედიანად გრძნობს. გამხდარია, მაგრამ ნელ-ნელა იკრებს ძალას“, – განაცხადა გელბახიანმა.
ცნობისთვის, გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე კვირის განმავლობაში შიმშილობდა, რასაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა.























