
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე, კითხვაზე, არის თუ არა განგაშის ზარების აუცილებლობა, პასუხობს, რომ გუშინდელ მონაცემთან შედარებით ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ით შემცირდა, რაც შედარებით კარგი მაჩვენებელია და ნახტომისებურად არ იზრდება.
“გუშინ რომ გეკითხათ, უფრო დაძაბული და შეშფოთებული ვიქნებოდი, გუშინ იყო 900 შემთხვევა და შეიძლება გაქცეულიყო ნახტომისებურად, როგორც ნოემბერ-დეკემბერში. დღეს მართალია ცოტა არ არის, მაგრამ გუშინდელთან შედარებით 200-ით შემცირდა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს ვაქცინაციის პროცესშიც.
“13 ათასამდეა აცრილი. ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო პირველი ათი დღე. მაგრამ ასევე ბევრად ჩამორჩება იმ ტემპს რომელიც გვჭირდება, რომ გავიდეთ წლის ბოლოს 60%-მდე, ამიტომ ოპტიმიზმი არ იქნება სწორი სიტყვა, ჯერ ისევ გულისწყვეტა, იმედგაცრუებაა, რომ ხალხი არ აქტიურობს, თუმცა გამოჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.






















