
მეუფე იაკობმა გიორგობის დღესასწაულზე ქადაგების დროს განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გაუხარდათ.
ბოდბელი ეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ სიხარულის მიზეზი ეკლესიას უკავშირდებოდა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას ვერ შეძლებდა.
„გავიხსენოთ, როგორ გაუხარდათ პოლიტიკურ პარტიებს სინოდის სხდომის მეორე დღეს საგანგებო მდგომარეობა რომ გამოაცხადეს. როგორ დაუჭირეს მხარი პარტიებმა. მე მათ ვუთხარი მაშინ, რომ იმიტომ დაუჭირეთ მხარი, გეგონათ ეკლესიაზე ვირუსის დიდი შეტევა იქნებოდა, მაგრამ რა მოხდა?
გამოდიოდა ცნობილი პოლიტიკოსი და იძახდა მიხარიაო, მარტო ვიყავი აქამდე ეკლესიის წინააღმდეგ და ახლა ყველა პარტია გაერთიანდაო. რომ გაერთიანდნენ „კრამიტებს რაკა-რუკი“ აუტეხეს თუ რა ქნეს?! დავფიქრდეთ მაგათ რა შეუძლიათ, ვინ არიან და ღმერთის წინააღმდეგ როგორ მიდიან საერთოდ.
შორიდან რომ გველაპარაკები მოდი და დაგველაპარაკე პირისპირ, ჩვენც ადამიანები ვართ, ეშინიათ ჩვენთან მოსვლის და დალაპარაკების? ასეთი გაჭირვებული მდგომარეობის დროს ღმერთს თუ არ სთხოვე დახმარება, აბა ვის უნდა სთხოვო?“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.
მოგვიანებით, ბოდბელმა ეპისკოპოსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მიმართვის ადრესატი დავით ბერძენიშვილს გულისხმობდა.






















