
„ქართული ოცნების“ მიერ გატარებული ე.წ რეფორმის შედეგია, რომ კონსტიტუციის დარღვევით უზენაესი სასამართლო დღეს დანიშნავს ადამიანს, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში კონსტიტუციის მთავარი დამცველი უნდა ყოფილიყო“,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ლელოს” აქვს მოდელი, რომელი სრულიად განაახლებს სასამართლო სისტემას.
„ძალიან კარგად იცის სასამართლო კლანმაც და ,,ქართულმა ოცნებამაც”, რომ სასამართლოში ამგვარი პოლიტიკის გატარება არა მხოლოდ ხელისუფლების მიტაცებაა, არამედ ანგრევს ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას, ასევე უზარმაზარ დარტყმას აყენებს ქართულ ეკონომიკას.
ცოტა ხნის წინ ჩვენ მივიღეთ პირდაპირი გზავნილი, რომ არანაირი პირდაპირი ინვესტიციები საქართველოსთვის არ იქნება, თუ საქართველო არ გაათავისუფლებს სასამართლოს. ამ გზავნილის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ სასამართლოს კიდევ უფრო შებოჭვას და საბოლოოდ ჯიბეში ჩადებას.
ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ამ ჩიხური სიტუაციიდან რჩება არის სასამართლოს სრული განახლება. „ლელოს” აქვს მოდელი, რომელი სრულიად განაახლებს სასამართლო სისტემას, გახსნის მას კომპეტენტური და კეთილსინდისიერი ადამიანებისთვის, რომლებიც მოემსახურებიან მართლმსაჯულებას“,- ანა ნაცვლიშვილი.























