
ახლა აგვისტოა და როგორც ბოლო 13 წელია, ახლაც, საქართველოში აგვისტოს ომში დაღუპულებს ვგლოვობთ. მაშინ, ოფიციალური მონაცემებით, 408 ადამიანი გარდაიცვალა. მაშინ, გაცხადებული მტერი ოკუპანტი მეზობელი იყო. ახლა კი, ომიდან 13 წლის თავზე, საქართველოში (ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში) უხილავი მტრის – კორონავირუსის მსხვერპლებს ყოველდღიურად ვითვლით…
დღეის მდგომარეობით, ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა საერთო ჯამში თითქმის ნახევარ მილიონს აღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 6 000-ს აღემატება.
ჩვენს ქვეყანაში ეპიდვითარება განსაკუთრებულად აგვისტოს თვეში გართულდა – ვირუსით ინფიცირებული ანტირეკორდული მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება – იზრდება ვირუსის მატარებელი ადამიანების რიცხვი და ამის პარალელურად – გარდაცვლილების…
ჩვენი ახლობლების სიცოხლე რომ ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული, პანდემის წელიწიდნახევარმა არაერთხელ გვიჩვენა. ნიღაბი და აცრა – ეს არის ორი მარტივი რამ, რაც გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს.
ახლა უკვე განურჩევლად ასაკისა, ვირუსი უტევს ყველას – ბავშვებს, ახალგაზრდებს, ორსულებს, ხანდაზმულებს.
ბოლო ათ დღეში კოვიდით დაახლოებით იმდენივე ადამიანი დაიღუპა, რამდენიც აგვისტოს ომის დროს. საქართველოში კორონავირუსმა სულ 6 182 ადამიანი იმსხვერპლა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს კი ვირუსის არსებობის ისევ არ სჯერა.
როგორც პირბადის ტარების, ასევე დისტანციის დაცვის წესის დარღვევა თითქმის ყველა ნაბიჯზე შესამჩნევია, იქ, სადაც არის ღია სავაჭრო სივრცეები.
განსხვავებული სურათია დახურულ ბაზრობებზე, სადაც მომხარებლის ნაკადს დაცვის თანამშრომლები და ადმინისტრაცია მეტად აკონტროლებს.
მეტნაკლებად იცავენ წესს მოქალაქეები ავტობუსის გაჩერებებზე დგომის დროს. ცნობილია, რომ ამ შემთხვევაშიც ნიღბის გაკეთება სავალდებულო მოთხოვნაა. პირბადეს თითქმის ყველა ატარებს საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.
ყოველ დილას, განახლებული შემაშფოთებელი სტატისტიკის გაცნობის შემდეგ, მოსახლეობის ნაწილში შიშიც იზრდება – შიში ვირუსის ბუნების და შიში ვაქცინის მოძულეების…
სოციალურ ქსელებშიც აშკარად შეინიშნება უკვე სამწუხაროდ, ბევრი გარდაცვლილის ახლობლების გლოვის მანიშნებლად დაყენებული ფოტო და შავი ლენტი… უმრავლეს შემთხვევაში ისინი კორონავირუსს შეეწირნენ. სტატიტიკა მხოლოდ მშრალი ციფრები არ არის, ეს ერში მინუს რამდენი ადამიანი და პოტენციურად კიდევ მინუს რამდენია, ამას მარტივად ვითვლით, მაგრამ შეუძლებელია დავთვალოთ, ხვალ ვინ და რამდენი დატოვებს ამქვეყნიურ ცხოვრებას და ეს ძირითადად იმის გამო, რომ ექიმების რჩევებს არად ვაგდებთ.
პირბადის არტარება, დისტანციის დაუცველობა და საზოგადოებრივი თავშეყრა საქართველოში ისევ ქაოტურად მიმდინარეობს. ასევე, უქმდება ვაქცინაზე ჯავშნები, ხან ობიექტური, ხანაც სუბიექტური მიზეზით… ანტივაქსერებიც საჯაროდ საუბრობენ, მათ ზოგიერთი მედია საშუალება ეთერს, ზოგიც კი – გაზეთის ფურცლებს უთმობს…
სანამ ამ რთულ გზას ქვეყანაში მთელი მოსახლეობა გადის, ვირუსმა თავისი სხვადასხვა შტამით ომის ქრონიკები მოგვიწყო – რუსეთ-საქართველოს ომში, შეიარაღებულ კონფლიქტში ბევრად ნაკლები დაიღუპა, ვიდრე – ვირუსით…
მაგალითად დღევანდელი მონაცემით, 10 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით) Covid-19-ის 455 846 შემთხვევაა დადასტურებული. ამას გარდა, სამშობლოში სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ დაინფიცირებული 41 მოქალაქე გადმოიყვანეს. 6 182 კი – გარდაიცვალა.
რაც შეეხება აგვისტოს ომში დაღუპულებს, ომის დროს 170 სამხედრო, 14 პოლიციელი და 224 სამოქალაქო პირი, ჯამში 408 ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ.
1-ლი -10 აგვისტოს სტატისტიკა:
1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია 1171 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 947 პაციენტი და გარდაცვლილია 17.
2 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1655 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 23 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.
3 აგვისტო: დადასტურდა კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.
4 აგვისტო: დადასტურდა კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
5 აგვისტო: დადასტურდა კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
6 აგვისტო: დადასტურდა კორონავირუსის 3780 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 ადამიანი.
7 აგვისტო: კორონავირუსის 4216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
8 აგვისტო: კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი.
9 აგვისტო: 2 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი.
10 აგვისტო: დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობაა 455 846 გახდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი.

























