
„მართალ ადამიანს დავეხმაროთ” – ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში საქველმოქმედო კამპანია დაიწყო. საქმე ყველასთვის საყვარელ ახალგაზრდა ბიჭს, Glovo-ს კურიერს ეხება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შემთხვევით ნაპოვნი საფულე პატრონისთვის გადაეცა. ამ ისტორიის გახმაურებას საზოგადოებაში საკმაოდ პოზიტიური კომენტარები მოჰყვა. ახლა, 22 წლის თორნიკე ნინიკაშვილს ამავე საზოგადოების დახმარება სჭირდება, რათა ილიას უნივერსიტეტის სტატუსშეჩერებულმა სტუდენტმა სწავლის გაგრძელება შეძლოს.
როგორც ირკვევა, მან კურიერად მუშაობა სწორედ სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხის შეგროვების მიზნით გადაწყვიტა. ახლა, თორნიკეს უნივერსიტეტის ვალი – 1000 ლარის ოდენობით აქვს. ხოლო უმაღლესი განათლების მისაღებად დამატებით 2 225 ლარია საჭირო…
„მართალ ადამიანს დავეხმაროთ, მადლობა თორნიკეს
ერთად შევუწყოთ ხელი სწავლის გასაგრძელებლად ყველასათვის საყვარელ ახალგაზრდას, 22 წლის თორნიკე ნინიკაშვილს! გამოვხატოთ მადლიერება მის მიმართ ამ ფორმით და ჩვენს სიყვარულთან ერთად ვაჩუქოთ მას სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა!
თორნიკე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტია, მას ამჟამად უსახსრობის გამო, აკადემიური აქვს აღებული და იმისათვის, რომ სწავლის საფასური მოაგროვოს Glovo-ში მუშაობს!
თორნიკეს საქციელით აღფრთოვანებულ ადამიანებს შორის საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც არიან. პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ მეგობრებს ამ ახალგაზრდას დახმარებისკენ მოუწოდა და მისმა მეგობარმა მაკა ჩხეიძემ „მარჯიელას” სპორტული ფეხსაცმელი უსახსოვრა.
დავეხმაროთ საოცარ ახალგაზრდას განათლების მიღებაში! თქვენს მიერ გაღებულ 1 ლარსაც კი დიდი ძალა აქვს!” – წერენ სოციალურ ქსელში.
თორნიკეს ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000743904000 საქართველოს ბანკი, დანიშნულებაში მიუთითეთ #თორნიკესთვის























