
თეატრში ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა. ასამდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო დადგმის ავტორია.
ყოველთვის ადამიანის ბუნების ანატომიის გამოხატვას ცდილობს. აინტერესებს ყველა ის პროცესი და მდგომარეობა, რომელიც ადამიანის სულში მიმდინარეობს. ამბობს, რომ რეპეტიციები ძიების პროცესია, როგორც ადვოკატი იძიებს საქმეს, ისე იძიებს რეჟისორი რეპეტიების დროსაცო. და შედეგით უკვე მაყურებლის წინაშე წარდგება ხოლმე.
საქართველოს თეატრების გარდა უთანამშრომლია ვენეციის, გენუის, ბორდოს, ნიუ-იორკის, მილანის, მოსკოვის, პეტერბურგის თეატრებთან. აქვს უამრავი წოდება და ჯილდო. როგორც თავად ამბობს, რეზო ეგაძე ეხუმრება, რომ მხოლოდ სიდნეის თეატრი დარჩა დასაპყრობიო.
ექვსი წელია სათავეში უდგას სკოლა-სახელოსნოს და მომავალ დრამატურგებსა და რეჟისორებს თავის საყვარელ საქმეს ასწავლის და იმ ძვირფას გამოცდილებას უზიარებს, რომელიც მთელი ცხოვრება დაუგროვებია.
მაკა მახარაძე “პრაიმტაიმთან” 77 წლის იუბილარ ძმაზე ჰყვება.
მაკა მახარაძე: – მხოლოდ აღმატებულ და აღტაცებულ ნოტებში შემიძლია თემურზე საუბარი. ყველა მხრივ პატივსაცემია, როგორც შემოქმედი, ასევე – პიროვნება. ზედმეტად თავმდაბალია. არც მე ვარ ქედმაღალი, მაგრამ თემური ყველაფერში განსაკუთრებული და არაჩვეულებრივია.

ასევე არაჩვეულებრივი შემოქმედი და პედაგოგია. გეგონება, სტუდენტები წებოთი ჰყავს მიწებებულიო. არ შორდებიან. ასეთი პიროვნებაა.
ყურადღებიანი, მზრუნველი, თბილი იყო ყოველთვის. მამაჩემთან, კოტე მახარაძესთან საოცარი მამა-შვილური ურთიერთობა ჰქონდა. თემური ხაზს უსვამს, კოტემ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშაო. მართლა ასე იყო, არ იპრანჭება. კოტე თემურისთვის ზე მამა იყო. მართლაც განსაკუთრებულად ექცეოდა, რომ დედაჩემისათვის სიყვარული დაემტკიცებინა.
ჩვენ შვილი გვყავს და კიდე რად გვინდაო, მედიკოს ეუბნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თემურს მამის მხრიდან არაჩვულებრივი ოჯახი ჰქონდა და მუდმივად კონტაქტში იყვნენ. თემურის მამა არაჩვეულებრივი მსახიობი და პედაგოგი ნოდარ ჩხეიძე გახლდათ, ბაბუა – გიორგი ქუჩიშვილი.
მე რომ დავიბადე, თემური ექვს წლის იყო. მე და ჩემი უმცროსი ძმა კოტეს ირონიულად ვეუბნებოდით, თემურს რომ გადაყევი, ჩვენ ისე არ გადაგვყოლიხარო. მართლა გადაჰყვა, დიდი სიყვარული ჰქონდათ. შემოქმედებითი კამათიც მოსდიოდათ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი რამაა.

დედაჩვენი ისეთი იყო, ვერც ერთი ვერ ვგავართ მას. თემურს დედას თვალები აქვს, თვალებიდან სითბო გამოსჭვივის. მედიკოს მიმტევებლობის საოცარი თვისება ჰქონდა, აი, ეს აქვს თემურს მისგან. მე არ გამიგია ჩემს ძმას ვინმეს მისამართით საყვედური ეთქვას. ყოველთვის თავის თავზე იბრალეს, ჩემი ბრალია, არ უნდა მექნაო.
– როგორი მამაა?
– ძალიან კარგი, მაგრამ ეკა ჩხეიძე სულ ჩივის, არ არის კარგი მამაო. ეკას გონის დაკარგვამდე უყვარს თემური. აქამდე ვერ მოუნელებია, მამა რომ ოჯახიდან წავიდა და მოაკლდა. მამამისზე რომ ლაპარაკობს, თვალებზე ცრემლები ადგება. გამოყოლილი აქვს გულისტკივილი. თემურისთვის ამის გაგონება ძნელი გადასატანია.

– როგორია ამ ასაკში?
– ახლაც თვითგვემაშია. ასეთი ხასიათი აქვს, ყველაფერში თავის თავს იდანაშაულებს. ისეთი მორიელია, რომელიც თავის თავს იშხამავს. ნაკლს ეძებს სულ.
პანდემიით გამოწვეული უმუშევრობა ძალიან მოქმედებს მასზე. დაწყებული ჰქონდა სპექტაკლი და რეგულაციების შემოღების დროს მიატოვა, რაც ძალიან მძიმე იყო მისთვის. ახლა ორ კაციან სპექტაკლზე მუშაობს.
აქვს სევდა. განა უხარია დაბადების დღე? ერთი წელით ნაკლებად ვიქნები ქვეყანაზეო, ამბობს. გუშინ მეუბნებოდა, წეროვანში მინდა, აგარაკზე, არ მინდა თბილისში ყოფნაო.






















