
“პრაიმტაიმის” მკითხველი ნინა ორჯანელს უკვე იცნობს. ქართველი პიანისტი, რომელსაც გერმანიის ქალაქ ბრემენში არა მხოლოდ გლამურული მუსიკალური კარიერით იცნობენ, არამედ ქართული სამზარეულოს ერთგვარ პრომოუტერადაც. ამჯერად ნინას ორივე სფეროში სიახლე აქვს.
2017 წელს მის მიერ დაფუძნებული კვებისა და ივენთკომპანია – MAEMANI, რომელმაც გერმანელები ქართული სამზარეულოთი აღაფრთოვანა, გერმანულმა კვების ექსპერტებმა ზამთრის ტრენდად დაასახელეს.
რაც შეეხება ნინას მუსიკალურ მხარეს, ახლა კონცერტების სერიისთვის ემზადება. ნინა გერმანიაში მოღვაწე კომპოზიტორთან, ლევან ბაშარულთან თანამშრომლობს. ქართული ტანდემი ბაშარულის საავტორო კინომუსიკას კონცერტის სახეს აძლევს და გერმანელი პუბლიკის წინაშე მალე წარდგება.
ლევანს გერმანელები უკვე კარგად იცნობენ. 2008 წელს სამშობლოდან გამგზავრების შემდეგ, მიუნჰენში დაამთარა კონსერვატორია და გერმანული და არა მხოლოდ გერმანული კინოსთვის ქმნის მუსიკას.
იმ 14 წლის მანძილზე, რაც ნინა ორჯანელი ბრემენში ცხოვრობს, დღეში რამდენიმე საათიანი საფორტეპიანო მეცადინეობა, მისი ყოველდღიურობაა. ამზადებს სტუდენტებს.

ამჯერად ორი საამაყო ქართველი თანამშრომლობას იწყებს და “პრაიმტაიმის” მკითხველს, ახლო მომავლის გეგმებზე უყვებიან.
ლევან ბაშარული: – ნინა რამდენიმე წლის წინ, ბრემენში გამართულ ღონისძიებაზე გავიცანი, სადაც მან ჩემი საფორტეპიანო ტრიო -“ომის შემდეგ” შეასრულა.
მარტის თვეში გამოდის ჩემი პირველი კინომუსიკის სანოტო კრებული. ამასთან დაკავშირებით, მე და ნინას, გვინდა კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ბრემენის (და არა მარტო) საზოგადოებას ჩემი კინომუსიკა.
პროგრამაში როგორც სოლო საფორტეპიანო, ასევე ტრიო, კვარტეტი და კამერული შემადგენლობის ნაწარმოებები შევა.
მე ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა ქართველ ხელოვანებთან მიწევს საქმიანი ურთიერთობა.
ნებისმიერ სფეროში იქნება ეს კონცერტი, თეატრი თუ კინო.
ნინასთან ძალიან კომფორტულია მუშაობა გამომდინარე იქიდან, რომ არის ძალიან კრეატიული, მობილიზებული, მუდამ ახლის ძიებაშია. ზოგადად პოზიტიური ადამიანია.
იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა სისტემატიურ სახეს მიიღებს და ბრემენის კონცერტის შემდეგ, საკონცერტო სერია, გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გაგრძელდება.

ნინა ორჯანელი: – ლევანი ქმნის საოცრად დახვეწილ, ღრმა მუსიკას და ჩემთვის დიდი პატივია ამ ნაწარმოებების შესრულება.
მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო და კომფორტულია. ლევანის პროფესიონალიზმი ყველა დეტალში იკვეთება, ამავდროულად არის ძალიან თბილი და თავმდაბალი პიროვნება.
ამ ეტაპზე 20-მდე ნაწარმოებს ვამუშავებთ.

ახლა რაც შეეხება, MAEMANI-ს, რომელიც ტრენდულ ბრენდად დასახელდა.
აი, როგორ ახასიათებენ ბრემენელები ამ ქართული ბენდის მიერ მომზადებულ კერძებს: ყველა ლუკმა არომატის აფეთქებაა! გემოს – ნივრის, ქინძის, წიწაკის და ბევრი ცოცხალი მწვანილის ნაზავი ქმნის, ისევე როგორც, სვანური მარილი და ნიგოზი. დიახ, არ მოგეჩვენათ – სვანური მარილი, რომელსაც სვანური ფესვების ნინა, გერმანიაში, თავგამოდებით უწევს პოპულარიზაციას.
ერთ-ერთ ღონისძიებაზე ნინა შეხვდა კვების ექსპერტს – ქრისტიან ჰოლცს, რომელმაც კვების მრეწველობაში ახალი რეცეპტებისა და კონცეფციების შემუშავებისთვის თავისი კომპანია ურჩია.
სწორედ ჰოლცმა დაასახელა MAEMANI ტრენდულ ბრენდად. “პრაიმტაიმთან” ქართული კვების კომპანიაზე ქრისტიანი შემდეგ კომენტარს აკეთებს.

ქრისტიან ჰოლცი: – დღესდღეობით, ტენდენციების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და მათი ინტეგრირება საკუთარ ბიზნეს მოდელებსა და იდეებში, ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი.
ვისაც ამ ბიზნესში დარჩენა სურს, უნდა სწრაფად გააკეთოს ადაპტირება და მოერგოს კლიენტურის მოთხოვნილებებს.
ჩვენ გვინდა მეტი ვიცოდეთ ჩვენს საკვებზე, პროდუქტების წარმოებაზე, ადგილი ხომ არ აქვს ცხოველების წამებასა თუ ადამიანების მონურ პირობებში დასაქმებას. ასევე საინტერესოა ახალი გემოები და კერძები მთელი მსოფლიოდან.
მას შემდეგ, რაც ხალხს არ შეუძლია მოგზაურობა, ისინი ეძებენ ალტერნატივებს, რაც მათ შვებულების განცდას ანიჭებს. სწორედ ამ პრინციპით მოხვდა MAEMANI ამ ნომინირებაში.
MAEMANI არის კარგი მაგალითი იმისა, რომ კვებისა და ივენთკომპანიას შეუძლია იყოს კრეატიული. თუ ივენთები არ შეიძლება ჩატარდეს, სტუმრებს მინიმუმ საშუალება აქვთ სახლში გამოსცადონ MAEMANI-ს „ქართული სამზარეულოს ვირტუალური კურსი“ და სვანური მარილითა და სანელებლებით სახლში მოამზადონ უგემრიელესი ქართული კერძები.

ამ ივენთკომპანიის კერძები ძალიან მრავალფეროვანი და გემრიელია. იქნება ეს სტარტერი, მთავარი კერძი თუ დესერტი, მათი ხარისხი ყოველთვის ტოპ მაღალია და ბიოლოგიურად სუფთა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია MAEMANI-ის ფხალის რეცეპტი, სეზონური ბოსტნეულისგან დამზადებული ბურთები, შერეული ახალი მწვანილებით, როგორიცაა ტარხუნა, ქინძი, ხახვი, ასევე ძმარი, კაკალი და ასე შემდეგ.
ეს კერძი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ბუნებრივად ვეგანური. ასევე თხელი ცომით გამომცხვარ ხაჭაპურს არაერთხელ ჩაუნაცვლებია კარგად ცნობილი პიცა.

მე საქართველოთი სწორედ MAEMANI-ის წყალობით დავინტერესდი. მინდა რაც შეიძლება მალე ვესტუმრო ქვეყანას და ვიმოგზაურო სხვადასხვა რეგიონებში. გავიცნო მათი განსხვავებული კერძები.
განსაკუთრებით მაინტერესებს ღვინის რეგიონები და სვანეთის ლანდშაფტი, რაც ჯერჯერობით, მხოლოდ ფოტოებიდან და ვიდეოებიდან მაქვს ნანახი.
ქართული ღვინო ჩემთვის, როგორც ღვინის მოყვარულისთვის, ასევე მოულოდნელობა იყო. სვანური მარილის ჯადოსნურ რეცეპტს, ნინა არ მიმხელს, საოჯახო საიდუმლოებააო.























