
ყველაზე ხანგრძლივი იძულებითი შესვენების შემდეგ, 15 სექტემბრიდან კინოთეატრები მაყურებელს ხვდებიან სლოგანით – “კინოს დროა”.
როგორც “კავეას” კინოთეატრების ქსელის პიარმენეჯერი, მაია სიხარულიძე “პრაიმტაიმთან” ამბობს, კინოთეატრების ქსელის კამპანია ეცდება მაყურებელს ის სიამოვნება აუნაზღაუროს, რაც ამ იძულებითი დასვენების დროს კინოთეატრებისგან მოაკლდა.
15 სექტემბერს მაყურებელი ნახავს პრემიერას – ქრისტოფერ ნოლანის “ტენეტს”. შემდეგ, ეტაპობრივად, “დისნეის მულანის”, “ახალი მუტანტების”, “დაე, ითოვოს” პრემიერა იგეგმება.
რაც შეეხება ახალ რეგულაციებს და ყველასთვის საინტერესო თემას, დასვამენ თუ არა ერთად მისულ მაყურებელს ერთმანეთისგან სკამის გამოტოვებით, ამაზე ქვემოთ წაიკითხეთ.
მაია სიხარულიძე: – კინოს, პრემიერების, შეხვედრების, გემრიელი პოპკორნის და ყველაფრის დროა, რაც ასე ძალიან მოენატრა კინოს მოყვარეულებს და მათ, ვისთვისაც კინოთეატრში დიდ ეკრანზე ფილმის ნახვა ცხოვრების განუყოფელი წესი იყო.
მაყურებელთან შესახვედრად, უსაფრთხოების თვალსაზრისითაც განსაკუთრებულად ვემზადებით. მოლებში არსებული გაძლიერებული თერმოსკრინინგის მიუხედავად, კინოში მოსული ადამიანების გადამოწმებას ჩვენ კიდევ ცალკე გავაკეთებთ. ბარიერები გვექნება ბართან, სტაფს 2 საათში ერთხელ ვუზომავთ სიცხეს, დარბაზები ყოველ სეანსს შორის გაიწმინდება.
ყველა დარბაზში გვაქვს ჰაერის სპეციალური ვენტილაციის სისტემა, რომელსაც ჰაერი გარეთ გააქვს და გარედან შემოაქვს.
რაც შეეხება ბილეთებს, მაქსიმალურად გადავდივრთ ონლაინ გაყიდვებზე და მინიმუმამდე დაგვყავს ბილეთის ნაღდი ფულით შეძენის შესაძლებლობა.
პოპკორნისთვის და ბარის პროდუქციისთვის გვაქვს სპეციალური ე.წ. “ვორმერები”, იქნება სელფ სერვისი, სადაც დახუფულ პოპკორნს შეიძენთ. მინიმუმამდე დაგვყავს მომსახურე პერსონალის და მაყურებლის თუნდაც დისტანცირებული, მაგრამ მაინც კომუნიკაცია.

ერთად მოსულ ადამიანებს არ დავაშორებთ, მაგრამ სხვადასხვა ჯგუფებს შორის იქნება დისტანცია, მინიმუმ 1 სკამის გამოტოვებით.
სეანსებს შორის, დარბაზების მიხედვით, ვაკეთებთ დიდ დაშორებებს, რომ ფოიეში ხალხმრავლობა ავიცილოთ თავიდან.
გვექნება დეზობარიერები და ხელის დასამუშავებელი საშუალებები დიდი ოდენობით. მომსახურე პერსონალი იქნება სპეციალური ეკიპირებით. რაც შეეხება პირბადეებს – დარბაზში ყველა დაიშვება მხოლოდ პირბადით, მოხსნას კი შეძლებენ მაშინ, როდესაც მიირთმევენ ბარის პროდუქციას, პოპკორნს, სასმელს და ა.შ
განსაკუთრებული სექტემბერი გველის, რადგან ხანგრძლივი და იძულებითი დასვენების გამო, ბევრი დიდი ფილმის მსოფლიო პრემიერამ გადაიწია და სექტემბერში საქართველოს კინოთეატრების ქსელში ყველა მათგანს წარმოგიდგენთ.






















