
“ჩვენ სულ გვეუბნებიან, რომ ნუ აკეთებთ საშიშ განცხადებას, ნუ დავზაფრავთ ისედაც დაზაფრულ მოქალაქეებს”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ესეც საჭიროა ალბათ, რაღაც დოზით.
“როგორ გითხრათ, ესეც საჭიროა ალბათ, რაღაც დოზით იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა თვლის, რომ ის ადამიანები რომ კვდებიან ან ავად ხდებიან, ის მათ არ ეხება. ოჯახში ჰყავთ 70-ს 80-ს გადაცილებული პირები, რომლებიც მუდმივად დაინფიცირების და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან და არ ცრიან მათ და არც არიდებენ კოვიდს. იცით, ჩვენი საავადმყოფო გადავსებულია 70 წელს გადაცილებული ხალხით. საქართველოში დღეს ხდება რაღაც დაუჯერებელი რამ, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ და ჯერ ვერ მივხვდით, ჯერჯერობით ვაგრძელებთ ჩვეულებრივი წესებით ვაქცინაციის კამპანიას, ოღონდ დაემატა ბინაზე კარდაკარ სიარული.
„აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 30% და მთელი მოსახლეობის 20%. ასეთი გზით 60%-ზე ვერ ავალთ წლის ბოლომდე. ასეთი გზით განწირულები ვართ ავადმყოფობის დიდი რაოდენობისთვის და სამწუხაროდ, გარდაცვალების მატებისთვის. შეუძლებელია ის, რაც ახლა საქართველოში ხდება – არ ვიცი, რა ენით გამოვხატო – დავუჩოქო, მოვთხოვო, კატეგორიული ტონით თუ პირიქით თხოვნით. რაღაც ფანტასმაგორიულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ქართველებს ბევრი რამ გვაქვს უცნაური და ბევრი შეცდომა დაგვიშვია, ბევრი არასწორი ნაბიჯი გადაგვიდგამს – პოლიტიკაშიც, ყოფა-ცხოვრებაშიც, მედიცინაშიც, ჯანდაცვაშიც, ყველგან, მაგრამ ეს აჭარბებს ყველგან. მე არ ვიცი რა ტრიალებს მათ გონებაში, რომ უარს აცხადებენ აცრაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ წლის ბოლოს არათუ 70%-ზე და 65%-ზე გავალთ, მთელი მოსახლეობის 30%-ზეც ვერ გავალთ. ჩვენ მაინც მთელი მოსახლეობიდან უნდა ვიანგარიშოთ, რადგან მთელი მოსახლეობა ხდება ავად. შევასრულეთ საზოგადოების დაკვეთა და გავხსენით ყველა სკოლა და ინსტიტუტი. დაახლოებით, მეხუთედი, თუ მეტი არა, იძულებულნი გახდნენ ხელახლა დაეკეტათ სკოლები“, – განაცხადა ცერცვაძემ.






















