22:24 | 2020-08-03 ავტორი: Prime Time

განზრახ მკვლელობის მცდელობა – ზურაბ ჟვანიას ვაჟს ბრალი დაუმძიმდა

განზრახ მკვლელობის მცდელობა – ზურაბ ჟვანიას ვაჟს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე  მდებარე ლ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე, ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.

 

ლ.თ.-ს სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

 

გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.

 

სამართალდამცველებმა ბ.ჟ. 2020 წლის 2 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 3 აგვისტოს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, –  აცხადებენ პროკურატურაში.

 

შეგახსენებთ, თბილისში ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს.

 

 

„ბინა, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, სისხლშია“- გოგი თოფაძე შვილიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის დეტალებზე
2020-08-03„ბინა, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, სისხლშია“- გოგი თოფაძე შვილიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის დეტალებზე
ავტორი: Prime Time

X