
პიანისტი თათია შარანგიედუარდ შევარდნაძეს იხსენებს. პიანისტი საქართველოს რიგით მეორე პრეზიდენტის რძალი (შვილიშვილის ცოლი) იყო.
თათია იხსენებს, როგორ ამცნო ბაბუას, რომ ვაჟისთვის მისი სახელის დარქმევა სურდა.
„განსაკუთრებულად მიყვარდა. მისთვის ყოველთვის სიამოვნებით ვუკრავდი მოცარტს. მახსოვს მისი დახვეწილი გემოვნება და კლასიკური მუსიკის ღრმა ცოდნა… თურმე როგორი ფუფუნება იყო მასთან საუბარი და ბევრი ისტორიული მომენტის ერთი-ერთზე მისგან მოსმენა….
გავაჩინე ედუარდ-გიორგი შევარდნაძე გრძელი შავი თმით და ლურჯი თვალებით… კისერზე პატარა წითელი ლაქა შევამჩნიეთ… ეს ლაქა არც მე მაქვს, არც – მამამისს. ჩამოვედი თბილისში, დაგვხვდა აეროპორტში მთელი ოჯახი და პირველი რეისით, რა თქმა უნდა, კრწანისის რეზიდენციისკენ ავიღეთ გეზი…
არასდროს დამავიწყდება ბაბუს ამაყი და ბედნიერი თვალები. ის სითბო, რასაც ის ედუს მიმართ გამოხატავდა… როცა მასთან ახლოს მივედი რომ ბავშვი ხელში ამეყვანა, ვნახე, რომ ბაბუს, ზუსტად კისერზე, ზუსტად იგივე ფორმის წითელი ლაქა ჰქონდა!
გაოგნებისგან იმდენი ვიყვირე, „ნახეთ, ნახეთ ბაბუს ჰქონია ესეთი ლაქა-მეთქი“, გაოგნებული მიყურებდა და ზუსტად ისე გაუხარდა, როგორც მე… სხვანაირად გაიღიმა…“.
თათიამ ედუსა და ედუარდ შევარდნაძეზე ექსკლუზიურად „პრაიმტაიმთანაც“ ისაუბრა.
თათია შარანგია: – მახსოვს, როგორ უხაროდა როცა საფრანგეთში ექოსკოპიაზე მითხრეს, დიდ ბაბუას როგორ ჰგავსო. ამ იდენტურმა ლაქამ კი შოკში ჩააგდო – ნამდვილი ედუარდ შევარდნაძე დაიბადაო, ამბობდა.
მინდოდა ნათლობის სახელი ედუარდ-ლუკა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან გვთხოვა ნათლობის სახელი ბავშვსაც იგივე ჰქონოდა, რაც მას – ედუარდ გიორგი.
რა თქმა უნდა, გავითვალისწინე, მით უფრო რომ ძალიან მიყვარს ეს სახელი. ორივე ედუარდი უწმინდესმა და უნეტარესმა მონათლა.
– სხვა რაიმე მსგავსებას თუ პოულობთ ედუსა და დიდ ბაბუას შორის?
– სულ პატარა ასაკიდან ძალიან დაკვირვებული და დინჯი ბავშვია. ისეთ დეტალებს ვერ გამოაპარებდი, დიდი რომ ვერ მიხვდებოდა. იუმორის გრძნობითაც ძალიან ვამსგავსებ.
პატარა დიპლომატია. ახერხებს ყველაფერი გითხრას, რასაც ფიქრობს შენზე და თან ისე, რომ ამით არასოდეს გაწყენინოს.
– და პირადად რითი გინდათ ბაბუას დაემსგავსოს უმცროსი ედუ?
– მე ზუსტად ვიცი და ისტორია აუცილებლად იტყვის, თუ როგორ უყვარდა ბატონ ედუარდს თავისი ქვეყანა… ქვეყნის ინტერესები იყო პირველ რიგში. შემდეგ ოჯახი და თავისი თავი.
ლაშა ამბობდა, ბაბუაჩემი გავიცანი, როცა პრეზიდენტი აღარ იყოო. მე ეს წლები დამემთხვა მასთან ურთიერთობის. სადაც ის ბევრ დროს ატარებდა ჩვენთან. რამდენიმე თვე მასთან ერთ სახლშიც კი ვცხოვრობდი და გაოგნებული ვიყავი ყოველდღიურობაში როგორი უშუალო და უპრეტენზიო იყო.
როგორ ექცეოდა მის გარშემო ადამიანებს, ვინც მასზე ზრუნავდა სახლში. ყველას ეფერებოდა, ყველას დიდი პატივისცემით ექცეოდა. როგორ იცოდა ქალის პატივისცემა. როგორ მანებივრებდა მე.
ვისურვებ ედუ ბევრ რამეში დაემსგავსოს თავის დიდ ბაბუას, მაგრამ აუცილებლად შეინარჩუნოს ინდივიდუალიზმი. ხშირად არ ვეუბნები „შენ ისეთი ბაბუის შვილთაშვილი ხარ“… ბავშვი ამისგან შეიძლება დაისტრესოს და სილაღე დაკარგოს.
საჭირო დროს ამას ყოველთვის ვეუბნები, მაგრამ თავისი სახელი თავად შექმნას.
თავად იზრუნოს თავის მომავალზე და იცოდეს, რომ თავის განათლებით, დაუღალავი შრომით უნდა იყოს ედუარდ შევარდნაძე. ბაბუის სახელი და გენები კი თავისთავად ყველაფერში დაეხმარება.






















