22:01 | 2020-09-03 ავტორი: თამარ გონგაძე

“გაორებული ვიყავი, მინდოდა გადაღება, მაგრამ…” – ვინ არის გოგონა, რომელსაც ქეთი მელუამ აჭარაში კლიპების გადაღება “აიძულა”

“გაორებული ვიყავი, მინდოდა გადაღება, მაგრამ…” – ვინ არის გოგონა, რომელსაც ქეთი მელუამ აჭარაში კლიპების გადაღება “აიძულა”

აგვისტოში ქეთი მელუა მშობლიურ ბათუმს 5 დღით სტუმრობდა. წარმოშობით ქართველმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ახალი ალმობიდან, ორ სიმღერაზე ვიდეოკლიპი გადაიღო. კლიპების გადასაღებად ქეთიმ არჩევანი ფოტოხელოვან მარიამ სიჭინავაზე გააკეთა. სიმღერებიდან – Your Longing Is Gone და Joy მარიამს უფრო მეორე სიმღერა და მასზე გადაღებული რგოლი მოსწონს.

 

ვიდეო კლიპები მონტაჟის პროცესშია. ბათუმში, სარფში, ციხისძირსა და ქედაში გადაღებულ ლამაზ ვიდეორგოლებს იუთუბარხზე მსოფლიო მალე იხილავს.

 

No description available.

 

ვიდეორგოლებში მელუას ბათუმელი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის კაბები აცვია. როგორც თაკომ “პრაიმტაიმს” ექსკლუზიურად “გაუმხილა”, ქეთი მისი კლასელია. სანამ მუსიკოსი ბათუმს დატოვებდა და საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდოდა, სასულიერო გიმნაზიაში სწავლობდა.

 

“ქეთის გემოვნება ვიცი, ფერები, სტილი, ზომა… კოსტიუმებისთვის ესკიზები მისგან დამოუკიდებლად შევქმენი. ათი კოსტიუმი შევკერე, გადაკეთება არც ერთს არ დასჭირვებია. როდესაც ადამიანისგან დადებითი ემოცია მოდის, მასთან მუშაობა კომფორტულია” – გვითხრა დიზაინერმა.

 

მარიამ სიჭინავას და ქეთის ნაცნობობა ლონდონიდან მოდის. მარიამი 12 წელია ფოტოხელოვნებით არის გატაცებული. უამრავ გამოფენებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთაც გაუმართავს, ერთი ლონდონში მოაწყო, სადაც დამთვალიერებლად მისული ქეთი გაიცნო.

No description available.

 

მარიამ სიჭინავა: – მას შემდეგ “ინსტაგრამზე” ყოველთვის ათვალიერებს ჩემს ფოტოებს, იწონებს. თებერვალში გახლდით ლონდონში, ვნახე ქეთი, შევხვდით სადილზე, გადავუღე ფოტოები… მან ჩემთან თანამშრომლობის სურვილი გამოხატა. დავგეგმეთ და ჩამოვიდა.

 

ქეთი ძალიან უშუალოა და ამას მასთან ურთიერთობისას მაშინვე გრძნობ. ეს ლონდონში შეხვედრისას მივხვდი. ჯერ მის სტუდიაში შევხვდით, შემდეგ ძალიან ძველი სასტუმროს ძველ რესტორანში.

 

 

ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. აქამდე ორი ვიდეორგოლი მქონდა გადაღებული, თუმცა არა მომღერლისთვის, და მითუმეტეს – ასეთი რანგის. აქ საუბარია, იუთუბარხზე მილიონობით ნახვაზე და ქეთი მელუაზე.

 

გაორებული ვიყავი, მინდოდა გადაღება, მაგრამ არ ვიცოდი, რამდენად გამომივიდოდა. მაგრამ ქეთისგან ისეთი მუხტი და მხარდაჭერა წამოვიდა, რომ მეც გავბედე, მისმა დადებითმა დამოკიდებულებამ გამაბედინა. უბრალოდ მითხრა, რის ირგვლივ უნდა გვემუშავა, დანარჩენი თვითონ დავგეგმე.

 

საინტერესო ადამიანია, შეგიძლია იჯდე და ესაუბრო. არ მოგბეზრდება, ამოუწურავია. თავიდან თვითდაჯერება მაკლდა, მაგრამ გადაღების პროცესი ქეთიმ გამიმარტივა და ძალიან სასიამოვნო გახადა.

 

 

თავიდან მინდოდა რამდენიმე კადრი თბილისში გადაგვეღო, მაგრამ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ისე დაგვიდგა მხარში, რომ გადავწყვიტეთ, მთლიანად აჭარის ულამაზეს ადგილებში გადაგვეღო კლიპები.

 

რაიმე დაუგეგმავი ხომ არ “გამომხტარა”?

 

– როდესაც ციხისძირში “მაინინგს” ანუ სიმღერაზე პირის აყოლებას ვიღებდით, ნაპირთან ახლოს მოცურდა დელფინი და ქეთის ყურადღება მთლიანად მასზე გადავიდა. მზის ჩასვლის, დროს ფერები რომ არეულია ერთმანეთში, ამ დროს გამოჩნდა დელფინი და ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. თუმცა ჩვენს კლიპში ვერ აღვბეჭდეთ. არ არის ასე მარტივი კადრის დაჭერა.

 

სხვათა შორის, “მაინინგის” გადაღებისას, ქეთი მართლა მღეროდა და ძალიან სასიამოვნო იყო ამის მოსმენა.

 

No description available.

 

როგორი ქეთი იქნება ახალ კლიპებში?

 

– ცოტა სხვანაირი. თავისუფალი, ინსპირაციით სავსე და ლაღი.

 

ქეთის კლიპების გადაღება ჩემთვის ახალი, დიდი გამოცდილებაა. საკუთარ თავთან მუშაობა და განვითარება ყოველთვის საინტერესოა.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X