
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისანში კანდიდატის დასახელებას დიდ პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს.
ჩარკვიანმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეაქო, რადგან მან “ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანებული ბევრი არაკეთილგონიერი პოლიტიკოსის ფონზე, რეფორმების განხორციელება მოახერხა.
თაკო ჩარკვიანი: ყოჩაღ სააკაშვილს, რომ ამდენ არაკეთილგონიერ ადამიანთან ერთად რეფორმების განხორციელება მოახერხა. გაოცებული ვუყურებ – ამდენი ღალატი და ამდენი არაკეთილგონიერი ადამიანი. „ნაცმოძრაობა“ ყოფილა მიხეილ სააკაშვილი და მისი იდიალისტი ამომრჩეველი. „ნაცმოძრაობის“ პარტიაში ბევრი უცნაურად მოაზროვნე ადამიანია.
-სააკაშვილთან შეთანხმებული არ იყო “ნაცმოძრაობის” მიერ გიორგი ვაშაძესთვის ისანში კონკურენტი კანდიდატის დაყენება?
– ბევრი რამ ხდება – უთანხმდებიან და შემდეგ… მე ვიცი, რომ იმ პარტიაში სხვებს რაღაც ამბიციები ჰქონდა. ყველას თავისი გზა აქვს, გიორგი ვაშაძე მხოლოდ რეფორმებით უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის პერიოდს.
– სააკაშვილი ვაშაძეს ასე ღიად არ დაუპირისპირდებოდა? – ყოფილმა პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ „ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა“.
– „ნაცმოძრაობაში“დღეს ძალიან რთული სიტუაციაა. ასე ხელაღებით არ არის, რომ შენ გამოხვიდე და ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. მე არ შევალ ნიუანსებში, არ მინდა, სხვის პარტიაზე ვილაპარაკო, რადგან საქართველო გადასარჩენია.
– მოელით თუ არა, რომ თქვენც დაგიყენებთ საბურთალოს ოლქში ოპოზიცია კონკურენტ კანდიდატს?
– დამიყენონ. მე შევთავაზე ოპოზიციას, რომ დააყენონ საბურთალოზე კანდიდატურა. თუმცა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რათა ერთმანეთთან მისასვლელი გზა გვქონდეს. ისეთ რაღაცას ნუ იტყვიან, რომ მერე შემოხედვა ეუხერხულოთ.
გიორგი ვაშაძესთვის კანდიდატურის დაყენება, ეს არის მათი მხრიდან დაშვებული პოლიტიკური შეცდომა. როგორც ჩანს, გაღიზიანდნენ გიორგი ვაშაძის სავარაუდო პრემიერობასთან დაკავშირებით.
აი, ასეთი არაკოლეგიალური დამოკიდებულება რომ ვიგრძენით და მთელი წლის განმავლობაში რომ ვერ იკრიბებოდა „ძალა ერთობაშია“, ამის გამო წამოვედით გაერთიანებიდან. აღარ მინდა ამ თემებს ჩავუღრმავდე, რადგან ჩემი მიზანი არის ერთი – ხელისუფლების შეცვლა და დასავლური ვექტორის ერთად ყოფნა.
– პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ, „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებთ?
– რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი რუსეთია, ამას მე ვამბობ. მე 2018 წელს შევედი მათთან ერთად ბრძოლაში სხვა იდიალებით და დღეს ამ იდიალებს მათთან ვეღარ ვხედავ. მათ ისარი გამოიტანეს შუშის სასახლის მაგივრად, ვაშაძესკენ, რაც საშინელებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, დასავლურმა ვექტორმა უნდა ვითანამშრომლოთ.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე























