
გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ არც ერთ ჩვენს მომხმარებელს, წამალზე შეფერხება და ხელმისაწვდომობის პრობლემა არ ექნება, – ამის შესახებ „ევექსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა გამყრელიძე „ფორმულას“ ეთერში საუბრობს.
„მარაგები დღეს საქართველოში იმაზე მეტია, ვიდრე საკმარისი. გარანტია შემიძლია მოგცეთ, რომ არც ერთ ჩვენს მომხმარებელს წამალზე შეფერხება და ხელმისაწვდომობის პრობლემა არ ექნება. უნდა მიგვეწოდებინა პირველადი ჯანდაცვის სერვისები ონლაინ, რაც გავაკეთეთ და ასევე ჩვენი ჰოსპიტალური ნაწილის მომზადებაც.
ეს უკანასკნელი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს – ერთი რომ ის ჰოსპიტლები, რომლებიც არ იქნებიან უშუალოდ „კოვიდის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულნი, იყვნენ მზად რომ სწორად ამოიცნონ ეს ქეისი და სწორად გადაამისამართონ და ასევე ის კოვიდცენტრები, რაც გამოვყავით, როდესაც რაღაც გარკვეულ ციფრებს მივაღწევთ, ჩვენი ჰოსპიტალები გადაკეთდება ან ცხელების კლინიკებად, ან უშუალოდ კოვიდცენტრებად.
ჩვენი მხრიდან მზაობაში იქნება სრულად 600 საწოლი. მზაობა ასევე ნიშნავს შესაბამის აღჭურვილობას ტექნიკურად, რისი პრობლემაც არაა და ასევე სამედიცინო პერსონალის აღჭურვილობაც. ტრენინგები გვაქვს დაწყებული უკვე თვენახევარია. ჩვენ ვემზადებით ყველაზე ცუდი სცენარისთვის, სახელმწიფოც და იმედია ეს არ მოხდება”, – აცხადებს ნიკა გამყრელიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.
- შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.
- ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















