
51-ე საჯარო სკოლის დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სკოლაში მასწავლებელი კორონავირუსით გარდაიცვალა.
სკოლის დირექტორი, თიკო გურამიშვილი ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ამბობს რომ გარდაცვლილი სკოლაში 2019 წლის შემდეგ აღარ მუშაობდა.
„შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ტვ პირველს დეტალურად ავუხსენი რეალური ვითარება, გამაოგნებელი აღმოჩნდა ის სიუჟეტი, რაც სამწუხაროდ საზოგადებამ იხილა და ასევე სამწუხაროდ, ალბათ დაიჯერა კიდეც. დაუშვებელია ასეთი თემებით მანიპულირება კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს.
ტელეკომპანიის ნაცვლად კი, მინდა საზოგადოებას მე მოვუხადო ბოდიში, რადგან პანდემიის პირობებში ხალხის კიდევ უფრო შეშინება და შეცდომაში შეყვანა მავნებლობაა.
სწორედ საზოგადოებისთვის მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა რეალობა:
1. გარდაცვლილი პედაგოგი 2019 წლიდან აღარ არის სკოლის თანამშრომელი. მან საპენსიო პროგრამის ფარგლებში დატოვა პოზიცია.
2. ასევე ცალსახად განვმარტავ, რომ გუშინ, 13 მაისს, როდესაც სასწავლო პროცესი განახლდა, სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ მიგვიმართავს სამინისტროსთვის.
3. სკოლის პედაგოგები 2 კვირიანი ინტერვალით იტესტებიან, რაც ემსახურება ვირუსის პრევენციას, ხოლო სკოლაში მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
ჩვენთვის უმთავრესია ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი შვილების და ჩვენი კოლეგების ჯანმრთელობა!“,- წერს თიკო გურამიშილი სოციალურ ქსელში.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ 51-ე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი კორონავირუსით გარდაიცვალა და სკოლაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.






















