
„მსოფლიო ვირუსის შიშის ტყვეობაშია, ძრწის და კანკალებს სიკვდილის წინაშე, რაც უღმერთობის და ურწმუნოების შედეგია“,- ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატი, ალექსანდრე ერქვანია კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრობს.
მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროს უფალი განაგებს და მისი ნების გარეშე არაფერი ხდება.
„მსოფლიოში გავრცელებულმა ვირუსმა დაგვანახა, თუ როგორი უსუსური აღმოჩნდა მეცნიერების და ტექნიკის განვითარებაში მიღწეული წარმატებებით თვითდაჯერებული ადამიანი. ამპარტავნების სულით შეპყრობილი კაცობრიობა, რომელმაც ღმერთი უარყო და დაუპირისპირდა, მის მიერ დადგენილი კანონების შეცვლა მოინდომა, მარადიულ ცხოვრებას ამსოფლიური ვნებები და სიამოვნება ამჯობინა, გარინდულია.
მსოფლიო პანიკაშია. დაცარიელებული ქალაქები, ჩაკეტილი საზღვრები, გარყვნილებასა და უზნეობას მიცემული კაცობრიობა, რომელმაც ღვთისადმი შიში და კრძალვა დაკარგა, ვირუსის შიშის ტყვეობაშია, ძრწის და კანკალებს სიკვდილის წინაშე, რაც უღმერთობის და ურწმუნოების შედეგია“, – განაცხადა ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, მორწმუნეებისთვის ყველაფერი კეთილად წარიმართება, ამიტომ მწუხარებას და შიშს არ უნდა მივეცეთ. დეპუტატმა ლოცვის გაძლიერებისკენ განსაკუთრებით ხელისუფლებას მოუწოდა. იგი ასევე, გამოვიდა მოწოდებით, მუზეუმებში დაცული ხატები – ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობელი და სხვა – ეკლესიას დაუბრუნდეს.






















