19:25 | 2021-12-10 ავტორი: რუსა ღვანიძე

„გაშიშვლებული“ ქალი ამოგვივარდა სცენაზე და პირდაპირ როიალზე ჩამოჯდა“… – უჩა კორძაიას 68 წელი შეუსრულდებოდა

„გაშიშვლებული“ ქალი ამოგვივარდა სცენაზე და პირდაპირ როიალზე ჩამოჯდა“… – უჩა კორძაიას 68 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ანსამბლ „ვია 75“-ის ერთ-ერთი წევრი, უჩა კორძაია 68 წლის გახდებოდა. ლეგენდარული ქართველი მუსიკოსი 2019 წლის 10 იანვარს, 65 წლის ასაკში გარ­და­იც­ვა­ლა.

 

წლების განმავლობაში ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას, თუმცა, მისი საბოლოოდ დამარცხება, ვერ შესძლო.

 

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტი. 1974–1975 წლებში იყო ანსამბლების -„ორერა“, 1975–1985 წლებში „ვია 75“, 1985–1990 წლებში „ნატვრის ხე“, 1997–2005 წლებში „ბიგ-ბენდი“ სოლისტი.

 

„მინდა, ყველამ იცოდეს... ეკა ჩემი მეგობარია მე-11 კლასიდან“ - ხატია შამუგია ეკატერინე ტიკარაძეზე
2021-12-10„მინდა, ყველამ იცოდეს... ეკა ჩემი მეგობარია მე-11 კლასიდან“ - ხატია შამუგია ეკატერინე ტიკარაძეზე

 

1997 წლიდან იყო რესტორან „ოვაციის“, „მარკო პოლოს“, „ქართული სახლის“ მუსიკოსი. ჩაწერილი აქვს მრავალი დისკი. არის სსრკ-ის საესტრადო სიმღერების ფესტივალის ლაურეატი (1978, 1980 და 1982 წლებში), ღირსების ორდენის კავალერი.

 

მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით გამოირჩევა, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სიმღერა – „თეთრი რელსები”.  

 

უჩა კორძაია ქუთაისში დაიბადა, თუმცა, ცხოვრების დიდი ნაწილი თბილისში გაატარა. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მუსიკოსის წარმატებაზე და პირად ცხოვრებაზე, მისი მეგობარი, ანსამბლ „75“-ის წევრი კობა ბეჟიტაშვილი საუბრობს:

 

კობა ბეჟიტაშვილი – ერთმანეთი კონსერვატორიაში გავიცანით, უჩა ფლეიტისტი და საქსაფონისტი იყო, მე პიანისტი. 1978 წლიდან, როცა „ვია 75“ -ში მივედი, უკვე დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა, იმდენად, რომ გასტროლებზეც კი ერთ ნომერში ვცხოვრობდით, თუ სამ ადგილიანი იყო, მე, უჩა და ბესო კალანდაძე.

 

 

დაგვიანება უყვარდა, თუ სადმე გასტროლზე ვიყავით, ყველგან აგვიანებდა. ხშირად დავდიოდით რუსეთში, უამრავი კონცერტი გვქონდა. რუსულად რომ საუბრობდა, ქართულიდან ზუსტად თარგმნიდა სიტყვებს, საოცარი იუმორი ჰქონდა.

 

 

მოსკოვში, ერთ-ერთ რესტორანში ვსადილობდით, მაგიდაზე კოვზი არ დახვდა. უჩამ ოფიციანტს დაუძახა და ეუბნება – Где Лешка (ложка), ოფიციანტმა ძალიან სერიოზულად უპასუხა – Лешка сегодня не работает. გაგიჟდა, რა ლიოშკა, ვერ გაიგე, ლიოშკა, ლიოშკა, კოვზი მომიტანეო! (იცინის).

 

სალათის (Салат Столичный) შეკვეთა უნდოდა და იკითხა „Подмосковные Вечера“ არ გაქვთო? თან ამ ყველაფერს, ძალიან სერიოზულად ამბობდა. უნიჭიერესი ბიჭი იყო. ჩემ სიმღერებს, ყოველთვის ჩემთან ერთად უკრავდა.

 

მისი ცნობილი სიმღერის კლიპი „თეთრი რელსები“, რომელიც ბაკურიანში უნდა გადაგვეღო, ბევრმა არ იცის, რომ კახეთშია გადაღებული. რუსებმა გადაიღეს და რატომღაც კახეთი მოინდომეს, უფრო ქართული ვარიანტი იქნებაო.

 

„საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო, დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები!“ - თემურ წიკლაურს მეგობრები იხსენებენ
2021-02-02„საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო, დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები!“ - თემურ წიკლაურს მეგობრები იხსენებენ

 

ამბობდნენ, რუსეთში მაინც ვერ გაიგებენ, სად არის გადაღებულიო. ნამდვილად კარგი კლიპი გამოვიდა, უჩა კახური ქუდით ზის ურემზე, ჩვენ უკან მივყვებით, ძირითადად, კახეთის ხედები ჩანს.

 

მის ოჯახზე მოგვიყევით…

 

დარჩა მეუღლე – ია სამადბეგიშვილი-კორძაია და ორი შვილი, ირაკლი და ნუნი – ნათლიები მე და ბესო კალანდაძე ვართ. ასევე ულამაზესი შვილიშვილები.

 

ანსამბლ „75“ -ს, პუშკინის ინსტიტუტში ჰქონდათ რეპეტიციები, იაც იქ სწავლობდა და ერთმანეთი, სწორედ, იმ პერიოდში გაიცნეს. მალევე შეუღლდნენ, სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. როგორც ვიცი, ია ამჟამად, იტალიაშია.

 

 

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ – ახალი ჩამოსულები ვიყავით გასტროლიდან და უჩასთან წასვლა გადავწყვიტეთ. ძალიან უყვარდა ერბო-კვერცხი (глазунья), სპეციალური ტაფა ვუყიდეთ და დილით ადრე სახლში მივადექით საჩუქრით.

 

პეკინზე, პირველ სართულზე ცხოვრობდნენ და ფანჯარაზე დავუკაკუნეთ, გამოიხედა და ისევ ჩვენ რომ დაგვინახა, თან ტაფით ხელში, ლანძღვა დაგვიწყო, ახლა ჩამოვედით და ცოტა ხნით მაინც დამანებეთ თავი, დამტოვეთ ჩემ ცოლთანო (იცინის).

 

სულ ერთად ვიყავით, ხშირად გვიწევდა გასტროლებზე სიარული, ზოგჯერ, თვეებიც კი. ჩვენი ანსამბლიდან მე, ბესო კალანდაძე, რომა რცხილაძე, ირაკლი მენთეშაშვილი, დათო ჯანელიძე და ირაკლი კალანდაძე დავრჩით, ბევრი გარდაიცვალა, რაც ძალიან სამწუხაროა.

 

მთელი ჩვენი მოღვაწეობის მანძილზე, ცოცხალ მუსიკას ვუკრავდით. ერთადერთი იყო ტელევიზია, სადაც შეიძლება ჩანაწერი ყოფილიყო. დანარჩენ შემთხვევაში, სულ „ცოცხლად“ ვუკრავდით.

 

 

2011 წელს ჩვენი ვარსკვლავის გახსნაზე, შემოგვთავაზეს, 4-5 კაცი შევკრებილიყავით, ჩანაწერები გაგვეკეთებინა და ფილარმონიაში გამოვსულიყავით. ამაზე უარი ვუთხარით, მაგრამ შევიკრიბეთ რამდენიმე კაცი, რეპეტიციები გავიარეთ და ცოცხლად შევასრულეთ..

 

პირველი ანსამბლი ვიყავით საბჭოთა კავშირში, რომლებმაც დისკოთეკა გავმართეთ. 1978 წელს სპორტის სასახლეში 2 დღიანი კონცერტი გვქონდა, ეს მართლაც საოცრება იყო. სრული ანშლაგი იყო, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გვყავდა.

 

ასეთი ამბავი, იშვიათად ხდებოდა. მახსოვს, ბალტიისპირეთში ერთ-ერთ კონცერტზე, გაშიშვლებული ქალი ამოგვივარდა სცენაზე და პირდაპირ როიალზე ჩამოჯდა. ვეღარ ვუკრავდი, ისეთ დღეში ჩამაგდო (იცინის).

 

 

ჩვენი კონცერტების ძალიან ბევრი ჩანაწერი დაიკარგა, დიდხანს ეძებდა ბ-ნი რობერტ ბარძიმაშვილიც, მაგრამ ვერსად ვნახეთ, არც კასეტებია და აღარც სლაიდები. ყველგან ვეძებდით, მაგრამ უშედეგოდ, სავარაუდოდ, ხანძრის შედეგად განადგურდა.

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X