
ჯერ კიდევ თებერვალში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკადრო ცვლილებებთან და მის შეცვლასთან დაკავშირებით მოგვიწოდა:
დაელოდეთ გაზაფხულს, მალე იქნება…
გაზაფხული ჯერ კიდევ არ გასულა და კიდევ ერთხელ დაიწყო საუბარი პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხზე.
დღეს პოლიტიკოსები ამ თემას აქტიურად განიხილავდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში მაღალი თანამდებობის პირები, პრემიერ-მინისტრისა და ასევე, მინისტრთა კაბინეტის ცვლილება იგეგმება.
„ქართული ოცნების“ წევრმა სოფო კილაძემ დღეს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის სიტყვები გაახსენა:
პრემიერმა გახარიამ გითხრათ, რომ შემოდგომაზე დავითვალოთ წიწილებიო და მგონი უნდა დაველოდოთ შემოდგომას და დავითვლით წიწილებს
პარალელურად, სოფო კილაძე საარჩევნო პერიოდში ახალი სახეების გამოჩენასაც აანონსებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა მისი თქმით, ეს პრემიერ-მინისტრს არ შეეხება.
ახლა უკვე მაღალ რგოლებსაც გადაწვდნენ. მე ვფიქრობ, შეიძლება რაღაც ცვლილებები მოხდეს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის პოსტთან დაკავშირებით,
მითუმეტეს, ასეთი სკანდალური ფორმით მიწოდებული ინფორმაცია, სრულად არის პოლიტიკური სპეკულაცია
გავრცელებულ ინფორმაციას საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც. მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით განხილვები არ ყოფილა.
პრემიერის ცვლილებასთან დაკავშირებით გუნდში არანაირი კომუნიკაცია და განხილვები არ მიმდინარეობს.
პრემიერი ძალიან წარმატებით უძღვება ქვეყანაში მოვლენებს და ასე განაგრძობს. ჩემთან დაკავშირებითაც მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა
ოპოზიცია საკადრო ცვლილებებზე საუბრობს და ამაში მმართველი პარტიის თავმჯდომარის კვალს ხედავს. ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ცვლილებები სჭირდება.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი და „ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საკადრო გადანაცვლება პარტიის თავმჯდომარის მხრიდან სანდოობის მიხედვით მოხდება.
შესაძლოა მისი შეცვლა მოხდეს. გარკვეული გადანაცვლება უფრო ალბათ იმ ლოგიკით იქნება განპირობებული, რაც გაცილებით მეტი სიმყარის და სანდოობის გარემოს შეუქმნის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს.
დიდი ალბათობით, წინასაარჩევნოდ, ცვლილება ალბათ, სჭირდება კიდეც მმართველ პარტიას, ისინი თავადვე გრძნობენ, როგორც ჩანს, ამას იმ კვლევებით, რასაც ატარებენ.
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერ-მინისტრ გახარიას მოუწოდებს „ერთი ბარტყი გადმოაგდოს“, დეპუტატი აღნიშნავს, რომ თუ საკადრო ცვლილებები გადაწყვეტილია გიორგი გახარია წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.
ერთი რამ შეიძლება ითქვას, ივანიშვილს არ უყვარს მის წიაღში ადამიანების იმგვარად განვითარება, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური წონა გაუჩნდეთ.
თუ ბატონმა ბიძინამ მისი შეცვლა გადაწყვიტა, წინააღმდეგობის რესურსს ვერ ვხედავ ბატონ გიორგიში. თუ ბატონ გახარიას უნდა იყოს პრემიერ- მინისტრი, ასეთი გამოთქმა არის „ერთი ბარტყი გადმოაგდე”
– მოხსნას მაგალითად, შს მინისტრი და მივხვდებით, რომ მას რეალურად უჭირავს მთავრობა.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ თუ სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება, ეს ერთი კონკრეტული ადამიანის შეხედულებიდან გამომდინარე მოხდება.
არ იცის თვითონ პრემიერ-მინისტრმა, არ იციან მინისტრებმა, არ იციან უმრავლესობის წევრებმა თუ როდის და როგორ მოხდება მთავრობის ჩანაცვლება და პრემიერ-მინისტრის შეცვლა.
ჩვენ გვახსოვს წინა პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ფეისბუქ პოსტების შედეგად მიდიოდნენ იმიტომ, რომ არც მათ და არც უმრავლესობის წევრებს წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე თუ რა იყო ბიძინა ივანიშვილის გეგმები.
2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. რა კონფიგურაციით წარსდგება „ქართული ოცნება“ ეს ცოტახანში გაირკვევა.
ნახეთ, ვინ იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები ოპოზიციიდან ↓























