20:12 | 2021-11-09 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

გაზქურა რომ აფეთქდა, სახლში 5 შვილთან ერთად ვიყავი – სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ოჯახი ახლა დამწვარ სახლში ცხოვრობს

გაზქურა რომ აფეთქდა, სახლში 5 შვილთან ერთად ვიყავი – სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ოჯახი ახლა დამწვარ სახლში ცხოვრობს

„9 ოქტომბერს, მე და ჩემი შვილები მეორედ დავიბადეთ… სანამ არ დავრწმუნდი, რომ ყველა ცოცხალი იყო, გონზე ვერ მოვედი…“ – ამბობს ეკა მამულაშვილი და თვალზე ცრემლი ადგება. იმ დღის გახსენება ახლაც უმძიმს. იმ დღის, რომელმაც მთელი ცხოვრება ნაგროვები ქონება, ერთ საათში ხანძარმა ფერფლად აქცია…

 

ზუსტად ერთი თვის წინ, ამ დროს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ოთარ ბეჟანიშვილის საცხოვრებელი სახლი, ცეცხლის ალში იყო გახვეული. გაზქურა აფეთქდა… როცა სახანძრო მივიდა, სახლიდან მხოლოდ კედლები იყო დარჩენილი…

 

მრავალშვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ადგილობრივი მერიისა და კეთილი ადამიანების დახმარებით, სახურავის ნაწილი გადახურეს და ერთი ოთახი მოაწყვეს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი 5 შვილთან ერთად ახლა  დამწვარ სახლში ცხოვრობს.

 

საბედისწერო დღე

 

„5 შვილის დედა ვარ. უფროსი 16 წლის არის, მეორე 15-ის, მესამე 12-ის და 10 წლის ტყუპი. 9 ოქტომბრამდე ერთი ჩვეულებრივი, საშუალო დონის ოჯახი ვიყავით. იმ საბედისწერო დღე სახლში მე და ბავშვები ვიყავით, მეუღლე გასული იყო. საღამოს 6 საათი ხდებოდა, როცა სამზარეულოში შევედი საჭმლის მოსამზადებლად. გაზქურა ავანთე, ტაფა დავადგი და მისაღებ ოთახში გამოვედი. სწორედ ამ დროს აფეთქდა სამზარეულო. სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩით.

 

ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ღმერთის წყალობით ყველანი უვნებლად გადავრჩით, გარეთ გამოვვარდით. ჩემს თავზე აღარ ვფიქრობდი, შვილებს ვუყურებდი, ხომ არაფერი სჭირთ – მეთქი. ტყუპისცალი ვერსად ვნახე. მაშინ როცა სახლი იწვოდა ის შიგნით დარჩა… მერე როგორღაც შეძლო და ცეცხლმოკიდებული ფანჯრიდან გადმოხტა…

 

როცა სახანძროს ეკიპაჟი მოვიდა, ცარიელი კედლები იყო დარჩენილი. მთელი ცხოვრება ნაგროვები ქონება ყველაფერი ფერფლად გვექცა… იმ დღის გახსენება ახლაც ძალიან ცუდად მხდის.“ – ამბობს ეკა მამულაშვილი.

 

ზამთარი მოდის და ყველაფერი გვჭირდება, საყოფაცხოვრებო ნივთები…

 

„ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი სოციალური დახმარება იყო მაშინაც და ახლაც, რომელიც 800 ლარს შეადგენს. ეს თანხა 5 შვილიანი ოჯახისთვის, მოგეხსენებათ არაფერია. თვიდან თვემდე ძლივს გაგვაქვს თავი. სამწუხაროდ, მე და ჩემი მეუღლე წლების წინათ ავარიაში მოვყევით. სერიოზული ტრავმები მივიღეთ და მას შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები გვაქვს. ფიზიკურად შრომა ორივეს გვიჭირს. მიუხედავად ამისა, სეზონურად ხილის კრეფაზე ვმუშაობთ.

 

ხანძრის შემდეგ ადგილობრივმა მერიამ 5 ათასი ლარი გამოგვიყო. იმ თანხით შევძელით სახლის სახურავის ნაწილის გადახურვა, სახლში შევიყვანეთ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ვიყიდეთ „გიფსოკარდონი“, რომელიც ჯერ ისევ დასაწყობებული გვაქვს და ვერ გამოვიყენეთ, რადგან ხელობაც არ ჯდება იაფი. ახლა ყველა ოთახში ვართ შეკეტილები. ორი საწოლი კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქეს, „ლეჟანკა“ მეზობელმა მოგვცა. გვჭირდება ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც ოჯახში საჭიროა.

 

ყველაზე მეტად კი სარეცხის მანქანა გვინდა, ამდენი ადამიანის ტანსაცმლის ხელით გარეცხვას ყოველდღიურად ვეღარ ავუდივარ. ჩემი შვილები სკოლის მოსწავლეები არიან და იმის გამო, რომ არც კომპიუტერი გვაქვს და არც ინტერნეტი, ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებიან. პრობლემა გვაქვს ტანსაცმელზე, საკვებზეც… მალე აცივდება და ეს ზამთარი როგორ უნდა გადავატაროთ არ ვიცი. არ გვაქვს შეშა. მჯერა, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ამ პრობლემების გადალახვას შევძლებთ.“ – ამბობს ეკა მამულაშვილი.

 

ანგარიშის ნომერი: GE15LB211153445014000

მიმღები – ეკა მამულაშვიილი

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X