13:43 | 2021-11-09 ავტორი: თამარ გონგაძე

გელა ჩარკვიანი ბოლო ორი წელი სიკვდილს ელოდა… – “აღსასრულს მოუმზადებელი არ უნდა დახვდე”

გელა ჩარკვიანი ბოლო ორი წელი სიკვდილს ელოდა… – “აღსასრულს მოუმზადებელი არ უნდა დახვდე”

გელა ჩარკვიანი იმ რესპონდენტთა რიცხვს განეკუთვნებოდა, მასთან ერთხელ მაინც რომ უნდა ჰქონოდა ჟურნალისტს ინტერვიუ ჩაწერილი. შეუდარებელი, იშვიათი შინაგანი კულტურის, ნამდვილი ინტელიგენტი… სავსე მოდიოდი მისგან, სხვანაირი, უკეთესი და კეთილშობილი…

 

ეს შარშანდელი ინტერვიუა, ერთ-ერთი უკანასკნელი და ძვირფასი. ძვირფასი იმით, რომ ის სრულად დაგანახებთ, თუ როგორ განწყობაზე იყო ბატონი გელა.

 

შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ბოლო ორი წელი, ის, სიკვდილს ელოდებოდა…

 

2020-07-08

 

უქმად პანდემიის დროსაც არ ყოფილა, რიგით მეათე წიგნი დაწერა – “English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი”. 

 

ახლა ამბობს, რომ პასიურ მდგომარეობაშია, ძირითადად წევს, თუმცა მაინც საქმიანობს, პირად არქივს აწესრიგებს. როგორც ამბობს, ჩემოდნებს ალაგებს, “დიდი მოგზაურობის” მოლოდინში…

 

2020-05-18"წარმოდგენა არ მაქვს რა მჭირს, მე ხომ ექიმს არ ვესინჯები?!" - გელა ჩარკვიანი ჯანმრთელობას უჩივის

 

ბოლო პერიოდის ინტერვიუებში სიკვდილზე საუბრობს. სოციალურ ქსელში ხშირად წერს ნანასა და ირაკლიზე. ცოლ-შვილის მონატრებას რომ ვერ უმკლავდება, ფიქრებს სიტყვებად აქცევს ხოლმე…

 

გელა ჩარკვიანი: – არ ვარ მაინცდამაინც კარგად, უმეტესად ვწევარ. ძალიან ცუდადაც არ ვგრძნობ თავს, თუმცა არაფრის კეთება არ მინდა. პასიურ მდგომარეობაში ვარ. თან ცხელა… თუ სექტემბრისთვის გამოვუმჯობესდი, გავაქტიურდები.

 

დიდი არქივი მაქვს და ვახარისხებ წერილებს, ბარათებს… ძნელია, არ იცი, რა დატოვო, რა გადააგდო. არის ისეთი რაღაც, რაც საინტერესოა. შეიძლება რაღაც დატოვო, მაგრამ შენი შთამომავლები მაინც გადააგდებენ, ეს რა დაუტოვებია, რაში სჭირდებოდაო, თქვან.

 

ჩემი ბიოგრაფია ჩვეულებრივი არ იყო. დავიბადე პირველი პირის ოჯახში. განსხვავებული ბავშვობა მქონდა. ყველაფერი გამოვიარე, იყო სიძნელეც, ყველანაირი ცხოვრება ვნახე. მეგონა, ყველაფერი მქონდა ნანახი, ომიც, რევოლუციაც, თანამდებობაც… მაგრამ ვერაფრით წარმომედგინა, ჟამიანობის პერიოდში თუ მომიხდებოდა ცხოვრება.

 

პირველად „პრაიმტაიმში“! - ოთარ მიქელაძე თინეიჯერი გეგა კობახიძისა და ირაკლი ჩარკვიანის უცნობ ისტორიებზე
2020-05-06პირველად „პრაიმტაიმში“! - ოთარ მიქელაძე თინეიჯერი გეგა კობახიძისა და ირაკლი ჩარკვიანის უცნობ ისტორიებზე

 

მიღებულ წერილებს და მისაპატიჟებელ ბარათებს რომ ვუყურებ, უამრავია. არც ვიცოდი, შემენახა-არ შემენახა… მივხვდი, რომ მაინც უნდა იყოს. აუარებელია, ლონდონში მიღებული ცალკე, აქ – ცალკე… საქმესთან, სამსახურთან, წერასთან – სხვადასხვა ამბავთან იყო დაკავშირებული. რომ შევხედე, რამდენ მუქთა სადილზე ვყოფილვარ, უცებ ანგარიში რომ მომივიდეს, მილიონებში იქნება (იცინის). ერთ დღეს “ზემოდან” თუ გამომიგზავნეს ეს ანგარიში, ვერ იქნება კარგი საქმე. რამდენი ღვინო დამილევია, ზოგი ალაფურშეტზე, ზოგი მაგიდასთან მჯდომს…

მოკლედ, ჩემოდნებს ვალაგებ. როგორ გგონიათ, რისთვის ალაგებს 82 წლის კაცი ჩემოდნებს? (იცინის)

 

– ადრეა, საჭირო ხართ ჯერ კიდევ…

 

– ადრეა? არა, ჩემოდნების ჩალაგება უნდა დაიწყო და როდის მოგდგება, სხვა ამბავია. ჩალაგებული უნდა გქონდეს, აღსასრულს მოუმზადებელი არ უნდა დახვდე. რომელიღაც წიგნში მიწერია: ლონდონში ელჩობა რომ დავასრულე და ჩამოვედი, ხელფასიდან დარჩენილი ფული ქართულ ბანკში გადმოვრიცხე. მახსოვს, აქ, ბანკში, ქალბატონს ვკითხე, მე რომ მოვკვდე, ამ ფულის აღებას ჩემი შვილიშვილები შეძლებენ-მეთქი (ბევრი არ იყო, მაგრამ მაინც)? თქვენ პირველი ქართველი ხართ, ვინც ამას კითხულობსო. რატომ-მეთქი, ვკითხე. ქართველებს არ სჯერათ, რომ მოკვდებიან და ამიტომო (იცინის).

 

ვინც რაციონალურია და სიკვდილის შიში არ აქვს, მან იცის, რომ დრო მოდის. სტატისტიკა ხომ არსებობს, ხომ ვიცით, ამის ასაკში რომ ვართ. მამაჩემი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, დედაჩემი – 78 წლის. გენეტიკას ამ შემთხვევაში პირდაპირი როლი არ აქვს. შეიძლება ბაბუის ბაბუას დაემსგავსო. ჩარკვიანები, ბაბუა ნესტორი, მისი ძმები, ყველანი 80-ის შემდეგ წავიდნენ.

 

მოკლედ, 80-ს რომ მიაღწევ, ყველაფრის მადლობელი უნდა იყო. ესე იგი, ფაქტობრივად, ყველაფერი მოასწარი. მერე რაღა უნდა მოასწრო? კი, მართალია, ახლახან გამოვიდა ჩემი წიგნი, მაგრამ თვითონაც ხომ იცი, წინ პერსპექტივა რომ აღარ გაქვს.

 

გელა ჩარკვიანი • Gela Charkviani-ს ფოტო.

 

– მაინც რა ჰქვია 80 წლის ზევით ადამიანის ცხოვრებას?

 

– არ იქნება სასიამოვნო გასაგონი, მაგრამ გეტყვით – მზადება სიკვდილისთვის. ეგ არის. შენ ემზადები! ჩემოდნების ჩალაგებაც ამასთან არის დაკავშირებული.

ავტორი: თამარ გონგაძე

X