
23 აგვისტოს შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ ძალიან ბევრს ათი წლის წინ, პოეტ გელა დაიაურის თავს დატეხილი ტრაგედია გაახსენა. ისიც ხევსურეთში მოხდა, 22 ივლისს, სოფელ მუცოსთან. დღესასწაულ ათანგენობიდან წამოსული ორი ოჯახი მანქანით მდინარეში გადავარდა და შვიდი მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ავტოკატასროფის დროს მდინარეში დაიხრჩვნენ პოეტ გელა დაიაურის ცოლ-შვილი, თეონა ქუმსიაშვილი, 2 წლის დემეტრე და ცხრა თვის ჯარჯი. ასევე თეონას და – ნათია, ბერდია და სოფიკო არაბულები 4 თვის შვილთან, მამუკა არაბულთან ერთად… საჭეს ბერდია არაბული მართავდა. მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში მან ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
მაშველების თქმით, მსხვერპლი არ იქნებოდა, ავტომანქანა რომ არ ამოყირავებულიყო და წყალში სახურავით არ ჩავარდნილიყო. მანქანა ძლიერად არ დამტვრეულა. მგზავრების გარდაცვალების მიზეზი მდინარეში დახრჩობა იყო.
ამავე მანქანის საბარგულში იჯდა თავად გელა დაიაურიც. ათი წლის შემდეგ, “პრაიმტაიმთან”, პოეტი თავისი ცხოვრების უმძიმეს ეპიზოდს იხსენებს.
გელა დაიაური: „მესმის მათი, ვისაც შატილის ტრაგედიაზე ჩემი ოჯახი გაახსენდა. გარდაცვლილთა ოჯახებისთვის მისამძიმრება მინდოდა და “ფეისბუქზე” დავწერე. მე კარგად მესმის მათი ტკივილი…
წელს სამჯერ გადავედი ხევსურეთისკენ. გზას აკეთებენ, მგონი, შარშან დაიწყეს. აფართოვებენ და ადიდებენ. ეს ტრაგედია გზის ბრალი აშკარად არ არის. გზას ვერ დაემდურები. დამიჯერეთ, გზის ბრალი არ არის, ან მძღოლის, ან ტრანსპორტის ბრალია. თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი. იმ ტრანსპორტიდან არავინ გადარჩენილა, რა მოხდა, არავინ იცის.
მე არა მიშავს, ვმუშაობ, ახალი არაფერია. არ დავოჯახებულვარ, მარტო ვარ, ვაგრძელებ ცხოვრებას.
ის ადგილი, სადაც ჩემი ტრაგედია დატრიალდა, ჩემი სოფლის ზემოთ არის. რვა წელია არ ავსულვარ. არ მინდოდა… და შარშან წინ ზუსტად იმავე დღესასწაულზე, რაზეც მაშინ ვიყავით, ავედი სალოცავში.
აღმოვაჩინე, რომ ტრაგედიის შემდეგ მეწყერი ჩამოწოლილა და გზა მთლიანად წამოუღია. ადგილი ვეღარ ვიცანი. აღარც სამანქე გზაა დარჩენილი, აღარც არაფერი. არც ის ჭალა დამხვდა, რაც გზად უნდა გაიარო. ის ადგილი რომ აღარ არსებობს, მესიამოვნა კიდეც…

მდინარეში გადავარდნის ადგილი ზუსტად არ მახსოვს. საბარგულში ვიჯექი, როდესაც ჩვენი მაქანა მდინარეში გადავარდა. მერე ჩემთან წყალი რომ შემოვიდა, ფეხი გაჭედილი მქონდა და ხელებზე ვიწეოდი, რომ წყლიდან თავი ზემოთ ამეწია და მესუნთქა… ჰაერი იყო დარჩენილი. მეც მკვდარი ვეგონე ყველას. სანამ სხვები ამოიყვანეს წყლიდან, დრო გავიდა. მე ბოლოს, ერთი საათით გვიან მიპოვეს. რომ მეგონა ხუთი წუთი იყო გასული, თურმე საათი ვყოფილვარ მდინარეში. ეტყობა, წყალი მთიშავდა და გონებას ვკარგავდი. მერე ამოყვანის მომენტი თითქოს მახსოვს. მერე ისევ აღარ მახსოვს არაფერი“.
პოეტი ახლა დუშეთში “ევროპული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. მანამდე საკრებულოს წევრი იყო. როგორც ამბობს, დრომ იარები ვერ მოუშუშა, უბრალოდ, დინებას მიჰყვა და ტკივილთან ერთად ცხოვრებას შეეგუა…
გელა: „არავინ თქვას, დრო მკურნალიაო. ადამიანი ტკივილს ეჩვევი და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას იწყებ. ვიცი, რომ ამ ტკივილთან ერთად უნდა ვიცხოვრო და მორჩა! ამას შეგუებული ვარ…
ვშრომობ, ვაკეთებ საქმეებს. საქმე ისეთი თემაა, რომ საფიქრელად ცოტა დროს ტოვებს.
რაღაც პერიოდი მონასტერში წასვლას ვფიქრობდი. თუმცა არის შინაგანი ბრძოლები, რის გამოც ვერ წახვალ ადამიანი. მოძღვარი მანამდეც მყავდა. მონასტრეში დავდივარ ხოლმე. ლოცვა მიცვალებულებსაც სჭირდება და შენც გჭირდება, რომ იქ მოხვდე, სადაც ისინი არიან…
რა თქმა უნდა, ასეთი ტრაგედიის დროს, შინაგანად იცვლები ადამიანი. ფასეულობების გადაფასება ხდება, სხვანაირი ფიქრები გიპყრობს. ვცდილობ კარგი საქმეები ვაკეთო. ცუდი და ავი, მგონი, არც მანამდე ვყოფილვარ, მაგრამ ახლა უფრო შევიცვალე. ბევრ რამეზე დავფიქრდი.

არავინ იცის, ვის რატომ გვივლენს უფალი დიდ განსაცდელებს. უბრალოდ, ბავშვები რომ მახსენდება ძალიან ცუდად ვხდები… მესიზმრებიან თეონაც, ბავშვებიც, ხან როგორ, ხან – როგორ… თითქოს თეონა შორს არის წასული, დააგვიანა, მოდის, მენატრება. ზოგჯერ გაბუტულია, ზოგჯერ კარგ ხასიათზე. ოღონდ ბედნიერებაა თვეში ერთხელ მაინც რომ დამესიზმროს. მერე ერთი თვე სიხარულად მყოფნის.
ამ ყველაფრის მოყოლას არც ვაპირებდი, მაგრამ თქვენ შემიყოლიეთ.
– სხვაც რომ გამხნევდეს, მხოლოდ ამისთვის…
– გენაცვალეთ… კიდევ ერთხელ მართლა გულით მივუსამძიმრებ შატილში გარდაცვლილთა ოჯახებს. ვინც გარდაიცვალა, უფალთან მიდიან, ვინც რჩება, ისინი არიან ცოდოები. სულით და გულით მესმის მათი ტკივილი.























