
1918 წელს, 26 მაისს, პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. სულ რამდენიმე დღეში, 26 მაისს, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს, სამშობლოში დიდი გენერლის ნეშტს მშობლიურ მიწას მიაბარებენ.
მან ოკუპაციის წინააღმდეგ ბევრი იბრძოლა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბევრი სასახელო ჯარისკაცი გაზარდა, მტერს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და არ დანებდა. მისი ღვაწლისთვის მადლიერ საზოგადოებასთან ერთად გენერლის ბრძოლის უნიკალურ ტაქტიკასა და თვისებებზე მტრულად განწყობილ მეზობელ ქვეყანაშიც საუბრობდნენ…

ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, გენერლის ოცნებები წყალს იმ გემთან ერთად გაყვა, რომლითაც საქართველო დატოვა… გენერალი გიორგი კვინიტაძე ისე გარდაიცვალა, რომ საბჭოთა კავშირი ჯერ ისევ არსებობდა, მის შემადგენლობაში იყო საქართველოც. სიმბოლურია, სწორედ დამოუკიდებლობა აღდგენილ სამშობლოში ბრუნდება გენერლის ნეშტი, მშობლიურ მიწაზე მოეწყობა მისი სამუდამო განსასვენებელი, საზოგადოებას კი ეძლევა შესაძლებლობა, სამოქალაქო პანაშვიდზე გენერალს უკანასკნელი პატივი მიაგოს.
მას საფრანგეთიდან, დაბა შატუდან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით გადმოასვენებენ. გენერალი შორეულ საფრანგეთში 51 წლის წინ დაიღუპა… სანამ, დიდი ქართველის “დაბრუნებისთვის” მოემზადებოდნენ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობისას, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, უწყების ფოიეში გენერალ კვინიტაძის ბიუსტი აღმართეს.
ეროვნული გმირის ჩამოსვენებასა და გმირულად განვლილ გზაზე სასაუბროდ “პრაიმტაიმი” თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7-ის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი დუმბაძე აცხადებს, დაკრძალვამდე სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, მოეწყობა გენერლის პირადი ნივთების გამოფენა, ისტორიულ ცერემონაში მონაწილეობას გიორგი კვინიტაძის შთამომავლები მიიღებენ, რომლებიც ისტორიულ სამშობლოს საგანგებოდ ეწვევიან.
“საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. საფრანგეთიდან გენერალს 22 მაისს ჩამოასვენებენ, სამების საკათედრო ტაძარში დაკრძალვამდე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 18 მაისს, საფრანგეთში, წმ. ნინოს ქართულ ეკლესიაში საქართველოს სათვისტომომ გენერალ გიორგი კვინიტაძეს პანაშვიდი გადაუხადა და ეროვნული გმირი სამშობლოში ასე გამოაცილა.

გენერლის გადმოსვენების საკითხი ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ დააყენა, როცა თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. მისივე ინიციატივით, თავდაცვის უწყების ადმინისტრაციული შენობის ფოიეში გიორგი კვინიტაძის ბიუსტი განთავსდა.
ბრინჯაოს ბიუსტი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა. სამხედრო მოღვაწეების დაფასების პოლიტიკის მიხედვით, 2018 წელს, თავდაცვის სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით გენერალ კვინიტაძის სამოსი აღდგა.
გენერლის პირადი კოლექციიდან სამხედრო მუნდირი, ორი სამხედრო ფარაჯა, ჩოხა-ახალუხია აღდგენილი. ასევე, გენერლის ქალიშვილის, ნანო კვინიტაძის ეროვნული კაბის აღდგენაც მოხერხდა.
საზოგადოება ამ ყველაფერთან ერთად ეროვნული გმირის ხელნაწერებსაც იხილავს. გარდა ამისა, გენერალ კვინიტაძის შთამომავლების გადაწყვეტილებით, ჩვენი ეროვნული გმირის პირად ნივთებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემენ, ისინი საფრანგეთიდან ჩამოვლენ და მთაწმინდის პანთეონში დიდი წინაპრის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან. ასევე, ქართულ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, გენერლის ოჯახის მიერ გადმოცემული ნივთები ეროვნულ მუზეუმში იხილოს.“ – აცხადებს პოლკოვნიკი გიორგი დუმბაძე.
თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7-ის უფროსი გენერლის ღვაწლზე, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომსა და გენერალ კვინიტაძის ემიგრაციის წლებზე საუბრობს. ის მკითხველებს გენერლის უნიკალური ისტორიიდან მოკლედ, რამდენიმე ფრაგმენტს შეახსენებს.
გენერლის ღვაწლი საქართველოსთვის

მოგეხსენებათ, გენერლის ფასდაუდებელი ღვაწლი საქართველოს წინაშე. ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გიორგი კვინიტაძეს საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. ამავდროულად, ის აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის ეროვნული ჯარების ჩამოყალიბების პროცესში. მისი აზრით, აუცილებელი იყო რეგულარული არმიის ჩამოყალიბება და იქამდე, მომხრე იყო სახალხო გვარდიის არსებობისა.
გენერალ კვინიტაძე გახლდათ საქართველოს სამხედრო სკოლის შექმნის მთავარი ინიციატორი, რომელსაც ქართული არმიისთვის ოფიცრები და უნტეროფიცრები უნდა მოემზადებინა. ამიტომ, მისი ღვაწლი ფასდაუდებელია ამ პირველი “სამჭედლოს” შექმნისთვის. ის თავად ედგა სამხედრო სკოლას სათავეში.
რუსეთ-საქართველოს ომი – საქართველოს გაწითლებამდე
გენერლის გენიალურობაზე არამხოლოდ მისი სამხედრო უნიკალური ნიჭით აღფრთოვანებული იყო ქართული საზოგადოება, არამედ – მასზე რუსეთის დაზვერვის სამსახურში ასე საუბრობდნენ:
“ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა – აღტკინება, შეტევა. ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი.
მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზედ ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრულიად უშიშარი; იცის მასსების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა”.

როცა ბოლშევიკები საქართველოს მოადგნენ, რუსეთ-საქართველოს ომში, 1921 წლის 16 თებერვალს, მანამდე განცდილი მარცხის გამო, თანამდებობიდან გენერალი ილია ოდიშელიძე და მის ნაცვლად, საქართველოს მებრძოლთა მთავარსარდლად გიორგი კვინიტაძე დანიშნეს.
მან არსებული მცირე ძალებით თბილისის დაცვა გადაწყვიტა და თავდაცვის სამი სექტორი ჩამოაყალიბა. მან 18-24 თებერვალს დედაქალაქზე მიტანილი რამდენიმე შტურმი წარმატებით მოიგერია და მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ძალიან საამაყოა, რომ გენერალი გიორგი კვინიტაძის იუნკერებმა ასე იბრძოლეს, არც სიკვდილს შეუშინდნენ და არც უბრძოლველად ჩააბარეს რუსებს სამშობლო. უდიდეს რუსულ არმიას მცირე ძალებით ებრძოდნენ, მაგრამ რაც მთავარია – არ ნებდებოდნენ.
იძულებითი ემიგრაცია

მას შემდეგ, რაც საქართველოშ საბჭოთა რეჟიმი გამოცხადდა, მთავრობისა და სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა, ისინი კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ, იქიდან კი, ნაწილი საფრანგეთში გადავიდა, მათ შორის იყო გენერალი კვინიტაძეც.
აღსანიშნავია, რომ ქართველ გენერალს საქართველოს გარდა, სხვა არცერთი ქვეყნის სამხედრო სამსახურში არ გაუგრძელებია სამხედრო კარიერა, ის ბოლომდე სამშობლოს ერთგული დარჩა.
გენერალს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები, “არ არსებობს ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა”.






















