
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ გასულ წელს შვილზე სასტიკი ძალადობის ბრალდებით დაკავებული და გასამართლებული მამაკაცი შეწყალებას ითხოვს.
მსჯავრდებული შეწყალების საფუძვლად დანაშაულის აღიარებას და მონანიებას ასახელებს, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ მისი ეს მოთხოვნა დამაყოფილდეს.
ბავშვი, რომელზეც მამა სისტემატიურად ძალადობდა სახლის ეზოში ჯაჭვით დაბმული სოციალურმა მუშაკებმა იპოვეს.
ამ შემზარავი სანახაობის ფოტო პირველად „იმედის კვირამ“ გამოაქვეყნა.
სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა არასრულწლოვანმა, რომელმაც ასეთი შემაძრწუნებელი ამბავი აღწერა:
„მამაჩემმა მაისში ორჯერ დამაბა. ჩვენი საცხოვრებლის ეზოში, ვაზის ტალავერზე ჯაჭვით. მან ამ დაბმით დამსაჯა იმის გამო, რომ გარკვეული პერიოდის წინ, მოვიპარე სახლიდან ფული. თუმცა იგი სხვა დროსაც არაერთხელ გამბრაზებია. ხშირად მეჩხუბებოდა, მიყვიროდა და აგრესიულად იყო განწყობილი. მე მის სიყვარულს ვერ ვგრძნობდი. მიშლიდა ბურთის თამაშს, ეზოდან როცა გავდიოდი საცემრად იწევდა…
სახლში შემიყვანა. ჯაჭვით დამაბა. დაბმის შემდეგ მაჭამა ყველი და პური. დაახლოებით 21 საათისთვის დაძინება დავაპირე და მამაჩემმა ფეხზე მომხსნა ჯაჭვი და ყელზე შემომახვია. მერე ისევ საწოლის ფეხზე მიმაბა ისე, რომ ვერ გავხსნიდი, რადგან ბოქლომი ედო. მთელი ღამე ჯაჭვით დაბმულს მეძინა. მერე დილით ისევ ტალავერზე უნდა დავები. მე დავიწყე ტირილი და ვუთხარი, რომ ასე არ შემეძლო. ფეხზე შემოხვეული მქონდა ტომარა, რომ დაზიანება არ შემტყობოდა., -წერს ბიჭი ჩვენებაში.
სოციალური მუშაკის შეტყობინების საფუძველზე პოლიციამ მოძალადე მამაკაცი დააკავა, 14 წლის ბავშვი კი მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. მოძალადეს 10-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.






















