19:34 | 2020-04-27 ავტორი: თათია ცუკოშვილი

„ღამის კოშმარი ქალებისთვის“  – ძალადობა იზოლაციაში

„ღამის კოშმარი ქალებისთვის“  – ძალადობა იზოლაციაში

„დარჩი სახლში ჩვენთვის, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის“ – ალბათ, სწორედ, ეს ის ლოზუნგია, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე ხშირად გვესმის. თუმცა, არის მომენტები, როდესაც „სახლში დარჩენა“ შესაძლებელია დამღუპველი აღმოჩნდეს, თუნდაც პანდემიის დროს.

 

…უკვე რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიო მასშტაბით თვითიზოლაციაში მილიარდამდე ადამიანი იმყოფება. იზოლაცია განსაკუთრებულად რთული იმ ადამიანიებისთვისაა, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.

 

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, მთელ მსოფლიოში კარანტინის პირობებში „ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა მოიმატა“.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა ხდება ამ კუთხით საქართველოში.

 

როგორც შსს-ის ოფიციალურ მონაცემებში ვკითხულობთ, „ამ ეტაპზე, პანდემიის გავრცელების პირობებში, ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ გაზრდილა“.

 

ორგანიზაცია „საფარის“ დამფუძნებელი ბაია პატარაია კი, აცხადებს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევები ორჯერ უფრო გაზრდილია.

 

„კარანტინის დროს ჩვენთან მომართვიანობა ორჯერ უფრო გაიზარდა. უბრალოდ, თავს იკავებენ შსს-ს მიმართონ. მოგეხსენებათ, რომ ესენი ოჯახები არიან და მათ შორის ზრუნავენ იმაზე, თუ რა მოხდება და როგორ მოხდება.

 

ვის მოუწევს ოჯახიდან წასვლა. ბევრ ფაქტორს ითვალისწინებენ. ისინი ჩვენთან გადიან კონსულტაციებს და ხშირად შსს-ს აღარ მიმართავენ.

 

ელოდებიან ასევე კარანტინის გასვლას. პრობლემა გადაადგილებასთან დაკავშირებითაც აქვთ. ვერ მიდიან პოლიციაში. ბევრი მიზეზია თუ, რატომ არ მიმართავენ შსს-ს.

 

რეალურად ჩვენ კონსულტაციებს ყოველდღე გავცემთ, როგორც სატელეფონო ისე სოციალური ქსელის მეშვეობით. მეც მწერენ პირადად. ხშირია შემთხვევა, როდესაც ახლობლები გვწერენ, მეზობლები და გვეკითხებიან, როგორ უნდა მოიქცნენ,“- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ბაია პატარაიამ.

 

მისივე თქმით, აუცილებელია პრობლემურ ოჯახებთან სოციალური სააგენტოები მუშაობდნენ.

 

„ამ თემას სახელმწიფო მუდმივად ყურადღებას უნდა აქცევდეს. კარგი იქნება თუ, ძალადობის მსხვერპლი ქალები კარანტინის რეჟიმის დარღვევის დროს პასუხისგებაში არ მიეცემიან.

 

მნიშვნელოვანია კამპანია დაიწყოს. ადამიანები, რომლებიც ყოველდღე რეკავენ ყურადღება უნდა მივაქციოთ. მათთან ასევე სოციალური მუშაკები უნდა მუშაობდნენ.

 

სამწუხაროდ, დღეს ძალიან პასიურები არიან. ბევრი პრობლემა აქვთ. (სოციალურ მუშაკებს). ბევრი რამ ხელს არ უწყობთ. მთავარი პრევენციის რგოლი, რაც აქტიურად უნდა მუშაობდეს, პრაქტიკულად მორღვეულია,“ – აცხადებს ბაია პატარაია.

 

შსს-ის ოფიცალური მონაცემები

 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, პანდემიის გავრცელების პირობებში, ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდა არ შეინიშნება.

 

2020 წლის მარტში, ოჯახურ კონფლიქტებსა და ძალადობასთან დაკავშირებით 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა თითქმის იდენტურია 2020 წლის იანვარსა და 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობის, ხოლო 2019 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაფიქსირებული შეტყობინებები ემთხვევა 2020 წლის თებერვალში 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების ტენდენციას.

 

რა ხდება მსოფლიოში 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მთავრობებს მოუწოდა ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო სერვისები კორონავირუსთან ბრძოლის ბოლომდე ჩაერთონ.

 

„სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც COVID19-ის პანდემია დაიწყო, ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. მსხვერპლი ქალები ძალადობის წინაშე აღმოჩნდნენ, ისევე, როგორც მათი ბავშვები“.

 

france24-ი კი წერს, რომ ქალებისთვის კარანტინი „ღამის კოშმარად იქცა“.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X