
„პრაიმტაიმმა“ ღამე, კომენდანტის საათის დროს, თბილისის ორ ცენტრალურ უბანში არსებული ვითარება შეისწავლა.
დაცარიელებული ქუჩები, სამართალდამცველები, ქუჩის ძაღლები და ქუჩაში მცხოვრები რამდენიმე მოხუცი – ეს ის რეალობაა, რომელიც ჩვენს ჟურნალისტს კომენდანტის საათის პირობებში ღამის თბილისში დახვდა.

ორ სხვადასხვა ქუჩაზე ძველ საბნებში გახვეული მოხუცები დაგვხვდნენ, ეძინათ. ერთ-ერთს ოთხფეხა მეგობრები დარაჯობდნენ.
რუსთაველის გამზირი, 22:00 საათი – ოპერის თეატრის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მოხუცს სძინავს.
ყველაზე აქტუალური ლოზუნგი „დარჩი სახლში“ ამ ქალბატონისთვის უბრალო სიტყვებია, რადგან მისი „სახლი“ სწორედ მიწისქვეშა გადასასვლელშია.

რუსთაველის გამზირიდან სადგურის მოედანზე გადავინაცვლეთ. ერთ-ერთი ბანკის კიბეებზე მოხუცი წევს. მასთან ერთად ძაღლები იმყოფებიან.

იქვე ახლოს, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე მჯდომი შუახნის ქალბატონი შევნიშნეთ. ერთი შეხედვით მოწესრიგებული ქალი ქუჩაში მცხოვრებს არ ჰგავდა. ამიტომ, მას რამდენიმე კითხვა დავუსვით. ეროვნებით აზერბაიჯანელი აღმოჩნდა…
ქალი თბილისს შემოერთებულ ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და ტრანსპორტის არარსებობის გამო სახლში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

„რაიონიდან საღამო ხანს ჩამოვედი, დამიღამდა და სახლში ვეღარ წავედი. აქ უნდა გავათენო. დილით დავბრუნდები“. – ამბობს ქალბატონი.























