12:49 | 2021-02-12 ავტორი: თამარ გონგაძე

“ღამის თორმეტ საათზე, ხელკავით ვსეირნობდით და ცხოვრებაზე ვსაუბრობდით” – ჯაზის ლეგენდა – ჩიკ კორეა გარდაიცვალა

“ღამის თორმეტ საათზე, ხელკავით ვსეირნობდით და ცხოვრებაზე ვსაუბრობდით” – ჯაზის ლეგენდა – ჩიკ კორეა გარდაიცვალა

ამერიკული ჯაზის თვალსაჩინო წარმომადგენელი, კომპოზიტორი და ჯაზშემსრულებელი – ჩიკ კორეა 79 წლის ასაკში სიმსივნის იშვიათი ფორმით გარდაიცვალა. ინფორმაცია მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

 

ის 23-ჯერ გახდა “გრემის” პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი.

 

ჩიკ კორეა ჯაზფესტივალის ფარგლებში, 2006 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა. მიშა გიორგაძე “პრაიმტაიმთან” ამ ვიზიტის დეტალებს იხსენებს.

 

მიშა გიორგაძე: – როგორც ჭეშმარიტ ჯაზმენს და დიდ მუსიკოს, არაფერი ექსტრავაგანტური მოთხოვნა არ ჰქონია. ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ფორტეპიანო ყოფილიყო მუშა მდგომარეობაში და განრიგი ყოფილიყო მკაცრად გაწერილი.

 

ჩიკ კორეა არ იყო გამონაკლისი იმ მხრივაც, რომ კონცერტის დათქმულ დროს მანაც გადააჭარბა. როდესაც მაყურებელთან შესაბამისი ინტერაქცია ხდება, მუსიკოსიც მეტ ხანს აგრძელებს კონცერტს. ყველა აღნიშნავდა, რომ განსაკუთრებული პუბლიკა გვყავს.

 

როგორც ყველა სტუმარს, ჩიკსაც ძალიან მოეწონა ქართული სამზარეულო. მრავალფეროვანი ვახშამი გვქონდა. დღემდე ღიმილით ვიხსენებ ამ ამბავს: ვახშმის შემდეგ, როდესაც სასტუმროში მივიყვანეთ, მითხრა, რომ დასაძინებლად ვერ დაწვებოდა იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრი მიირთვა, ძალზედ დანაყრებული იყო. ამიტომ მთხოვა, რომ რამდენიმე წუთით სასტუმროს გარშემო გვესეირნა. ღამის თორმეტ საათზე, მე და ჩიკ კორეა, “შერატონის” გარშემო, ხელკავით ვსეირნობდით და ცხოვრებაზე ვსაუბრობდით.

 

Image result for ჩიკ კორეა

 

გამორჩეული მუსიკოსი იყო. თავად შექმნა მთელი ეპოქა. უმაღლესი დონის პროფესიონალი, ფანტასტიკური პიროვნება, ძალზედ უშუალო ადამიანი გახლდათ.

 

მან დიდი როლი ითამაშა ბექა გოჩიაშვილის პროფესიული კარიერის განვითარებაში. პირველი პროფესიული ალბამი ბექასთან ერთად ჩაწერა. საუკეთესო მოსწავლეების სია რომ გამოაქვეყნა, ბექას სახელიც ჰქონდა მოხსენიებული. მის ერთ-ერთ ბოლო კონცერტში, თბილისში, დაუგეგმავად მოიწვია სცენაზე ბექა და იმპროვიზირებულად რამდენიმე ნაწარმოები შეასრულეს.

 

საერთაშორისო მუსიკალურმა ოჯახმა, ჩიკ კორეას სახით, ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი დაკარგა.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X