
იმუნოლოგ-ალრგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ასახელებს დროს, თუ როდის დასრულდება საქართველოში კორონავირუსი და რა შედეგი მოჰყვება ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ მომცველობას.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებაში ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი არ გააქტიურდა, ქვეყანაში პანდემიის ახალი ტალღა ახალი ტალღა ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში გააქტიურდება.
ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადებითი ტენდენცია შეინიშნება, რაც ბუნებრივი პროცესია. ვირუსის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ სამი თვე არის ვირუსის აღმავალი პერიოდი, სამი თვე სიმშვიდის პერიოდი და შემდეგ ისევ აღმავალი პერიოდი იწყება, თუ მას ვაქცინაციის კარგი პროცენტი არ უპირისპირდება.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების ბუნებრივი კლება მიმდინარეობს, ეს არ უკავშირდება არანაირ შემზღუდველი ღონისძიებების გავლენას.
– როდის უნდა ელოდოს ქვეყანა კორონავირუსის აღმავალ ტალღას და რამდენად მძიმე იქნება ის?
– ახალი ტალღა ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში დაიწყება, თუ ჩვენ მას ვაქცინაციის კარგი მოცვით დავხვდებით, მაშინ ეს ტალღა დამანგრეველი ქვეყნისთვის და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის საფუძველი არ გახდება, ეს უკვე პანდემიაზე გამარჯვებას ნიშნავს. ჯერჯერობით, ვაქცინაცია კლებისკენ მიდის და არა გააქიურებისკენ, რაც ძალიან სამწუხაროა, ამას დროულად უნდა მიექცეს ყურადღება.
იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გააქტიურდება, მივიღებთ იმ სურათს, რაც ხდება სხვა ქვეყნებში, ვირუსის ახალი ტალღა იქნება, ყოველგვარი შერბილებების გარეშე, იქნება არავაქცინირებულების პანდემია, ანუ სავადმყოფოებში ბევრი პაციენტი მოხვდება. ერთი ტალღის ფარგლებში, ქვეყანა 2 500-დან 3 000- მდე ადამიანს კარგავს, რაც ძალიან სერიოზულია ჩვენნარი პატარა ქვეყნისთვის.
– რამ განაპირობა ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მომცველობა?
– რა თქმა უნდა, ვაქცინაციის კამპანიამ, რომელსაც დროული, აქტიური, აგრესიული, პროაქტიური მიმდინარეობა აკლია. ვაქცინაციის კამპანია უნდა იყოს ზუსტად ისეთი აქტიური, როგორი აქტიურიც არის სახელმწიფო არჩევნებში პოლიტიკური გამარჯვებისთვის მოპოვების დროს.
– მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მწირი ინფორმაცია გვაქვს, რამდენად საშიში შესაძლოა, იყოს კორონავირუსის ახალი „მიუ“ შტამი ადამიანის ჯანმრთელობისთვის?
– კორონავირუსის ეს ვარიანტი, ჯერჯერობით, დაკვირვების ქვეშ არის, ის საინტერესო ვარიანტად არის მიჩნეული, რადგან მას მუტაციური ცვლილება განსხვავებული აქვს, რაც აძლევს მას საშუალებას იმუნურ სისტემას დაემალოს, მაგრამ ესა თუ ის ვარიანტი გახდება თუ არა დომინანტური, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად უფრო გადამდები იქნება ის წინა დომინანურ შტამთან შედარებით. თუ „მიუ“ შტამმა გავრცელების მხრივ, „დელტა“ შტამს ვერ გადაუსწრო, ახალი ვარიანტი მსოფლიოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
– ბატონი ლევან რატიანის განცხადებაზეც მინდა გკითხოთ, რომელმაც თქვა, „კოვიდგატანილ ადამიანს უფრო მეტი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე ვაქცინირებულს“. თქვენ მედიასთან ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურეთ და გავრცელდა ხმები, რომ თქვენ და ბატონი ლევანი გარკვეულ საკითხებში ვერ თანხმდებით, ასეა ნამდვილად?
– ნამდვილად არა. უბრალოდ, ადამიანებმა არ უნდა დაიჯერონ, რომ ვირუსის გადატანა უკეთესია, ვიდრე ვაქცინაცია. ლევან რატიანის პოსტში არასწორად არაფერი იკითხებოდა. ფაქტია, რომ ვინც ვირუისუ გადატანა და გადარჩა, ძალიან კარგი იმუნიტეტი აქვს, მაგრამ თუ ადამიანებს ვაქცინაციისკენ არ მოვუწოდებთ, ძალიან ცუდი იქნება.
– სოციალურ ქსელში ბევრი გგულშემატივრობთ, თუმცა ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაგიწერათ, „ვაქცინაციით ხალხი დახოცა და ფულები იშოვაო“. რას ეტყოდით ასეთ ადამიანებს?
– ღმერთის სახელით მაინც ნუ ისაუბრებენ, ამას ვთხოვ! სხვა ყველაფერი ასატანია. მე უბრალო ექიმი ვარ, რადგან მე და ჩემი ახლობლები აცრილები ვართ, მაქვს უფლება ყველას იგივე ვურჩიო და მჯერა, ამით მეტი სიცოცხლე გადავარჩება.
– შეგიძლიათ თუ არა პროგნოზირება, კორონავირუსის პანდემია როდის დასრულდება?
– ჩემთვის და მსოფლიოს უდიდესი ნაწილისთვის პანდემიის დასრულების კრიტერიუმია, როცა ქვეყნები იქნებიან ბუნებრივად და ხელოვნურად იმუნიზირებულები, ანუ ვაქცინაციით და ვირუსის ბუნებრივი გადატანით.
პანდემიაზე გავიმარჯვებთ მაშინ, როცა ინფექციის გავრცელებას არ ექნება მასშტაბური ხასიათი, რასაც ჰოსპიტალური სექტორის სრული კოლაფსი მოჰყვება. საქართველო ამ ნიშნულამდე 2022 წლის ბოლოსკენ მივა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:























