
თურქეთის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ “აჯიბადემში” ჩატარებული სხივური თერაპიის შემდეგ, ხათუნა ჟორდანია, ხალმხრავალ ადგილას, გუშინ, თავის ფეისბუქ ლაივ ჩართვაში გამოჩნდა. როგორც თქვა, შვილობილის დაბადების დღეზე იყო და კარგადაც მოილხინა.
აგვისტოს ბოლოს, თურქეთის კლნიკაში შემოწმებაზეა დაბარებული. მანამდე კი, როგორც გვითხრა, სხვებს გაამხნევებს და თავისი გამოჩენით, იმედს ჩაუსახავს.
ხათუნა ჟორდანია: – მკურნალობის მეორე ეტაპს ვაგრძელებ. სხვივურმა თერაპიამ როგორ ჩაიარა, ამას აგვისტოს ბოლოს გავიგებ. მთავარი ჩემი განწყობაა. მე თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.
განწყობა კი თავიდანვე ამაღლებული მქონდა, ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. დარწმუნებული ვიყავი. ადამიანების თანადგომას ვგრძნობ. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. ჩემი გამოკეთების ერთ-ერთი მიზეზიც ის კეთილი სურვილებია, რასაც მიგზავნიან ყოველდღიურად. მე კი მათ ბევრ სიყვარულს და მადლიერებას ვუგზავნი უკან.
თუკი ვინმეს წვლილი მიუძღვის ჩემს გამოჯანმრთელებაში, ერთ-ერთი უმთავრესი, სასულიერო პირები არიან. ხშირად ვსტუმრობ მამა ნაუმს, მამა პეტრეს, მამა ადამს. ხშირად მაზიარებს მამა ნათანაელი. მამაოების არმია მყავს, ვინც ჩემთვის ლოცულობს. მე მათ მომარჩინეს.
პირველ რიგში კი, ჩემი გამოჯანმრთელება, რა თქმა უნდა, ღმერთის ნებაა.
გამოვტყდები, როდესაც ავად გავხდი, დიდხანს ვსვამდი კითხვას – რატომ? რატომ? რატომ? გაგიმხელთ, ხშირად ვფიქრობდი, როგორი კარგი გოგო ვარ და რატომ უნდა დამმართნოდა ეს მე-მეთქი?
მაგრამ ამოვისუნთქე მას შემდეგ, როდესაც კითხვა შევცვალე. რატომ კი არა, რისთვის გამომიგზავნა ღმერთმა ეს განსაცდელი-მეთქი? რა უნდა მოვასწრო, რა უნდა გავაკეთო? რისთვის მაჩუქა კიდევ სიცოცხლე? მოვიდა პასუხები – ალბათ, იმისთვის, რომ ბევრი სიკეთე ვაკეთო, ბევრს დავეხმარო, ბევრი ვანუგეშო, გავამხნევო.
ღმერთმა, ალბათ, გარკვეული მისიით დამტოვა აქ. ყველანაირად ვცდილობ ეს ახალი შანსი და მისია გამოვიყენო და ადამიანებს, ვისაც ჩემნაირი დაავადება აქვს, ჩავუსახო იმედი, რომ ყველაფერს შეიძლება მოერიონ. მე თუ ამაში დავეხმარები, ეს უკვე დიდი ბედნიერება იქნება ჩემთვის.
– ანუ უკეთესობისკენ ტრანსფორმირდი?
– მგონია, რომ ყოველთვის ასეთი ვიყავი. უბრალოდ, ახლა ცოტათი უფრო აქტიური გავხდი, ვიდრე მანამდე. აქტიური ვარ სოციალურ ქსელში. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ადრე თუ სადმე ვჩანდი, ან ტელევიზიით, ან სოციალურ ქსელში, ყველგან ტირილით მივყვებოდი ზურას და ნინის. არ მინდოდა გამოჩენა. ისინი კიდევ მეუბნებოდნენ, რახან ოჯახია, აუცილებელია შენი გამოჩენაცო.
ახლა ამაზე უარს აღარ ვამბობ. ვთვლი, რომ ჩემი გამოჩენით ადამიანებს იმედი ეძლევათ, რომ ამ რთულ დაავადებას დაძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ წონაში არასდროს ტელევიზით თავს არ გამოვიჩენდი, ხომ ხედავთ, ყველგან ვჩანვარ! ვერც თქვენ მოგატყუებთ და ვერც საკუთარ თავს, რომ ჩემი ხილვით აღფრთოვანებული ვარ. მაგრამ უარს როგორ ვიტყვი, თუკი, ვიცი, რომ ჩემი გამოჩენით ადამიანებს იმედს ვაძლევ.
უფრო და უფრო მეტ ლაივჩართვებს გავაკეთებ. ძველებური ხალისი დამიბრუნდა!
ასევე დაგაინტერესებთ ⇓
























