10:51 | 2021-08-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მთავარმა სერჟანტმა მეთიუს მარკსმა მიულოცეს.

 

მათ სიტყვით გამოსვლისას კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამხედრო მოსამსახურეებს წარმატება უსურვეს.

 

აშშ-ს საელჩო საქართველოში -რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები
2021-08-07აშშ-ს საელჩო საქართველოში -რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები

 

საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსის დახურვის ცერემონიალს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი დაესწრო.

 

ღონისძიების დაწყებამდე ამერიკელი გენერალი კურსის საჩვენებელ სწავლებას გაეცნო, რომლის ფარგლებშიც სამხედრო მოსამსახურეებმა საცეცხლე მომზადების, დაბრკოლებების გადალახვის, პირველადი დახმარებისა და სხვა სახის სავარჯიშოები შეასრულეს. საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი 51 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა, რომლებსაც სერტიფიკატები გადასცეს. პირველი დრონის ლიდერების კურსი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის სამეთაურო რგოლის ხელშეწყობით ჩამოყალიბდა.

 

საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსი, 21 დღის განმავლობაში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მიმდინარეობდა. სწავლება საცეცხლე მომზადებას, დაბრკოლებების ზოლის გადალახვას, პირველად სამედიცინო დახმარებას, სამხედრო ტოპოგრაფიას, კავშირგაბმულობას, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებსა და ლიდერობის უნარჩვევების გამომუშავებას მოიცავდა.

 

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, რათა აღვნიშნოთ საწყისი სამეთაურო მომზადების სერჟანტთა საკანდიდატო კურსის გამოშვება. დღევანდელი გამოშვება წარმოადგენს 18-თვიანი თანამშრომლობის კომბინაციას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის და გვიჩვენებს საქართველოს თავდაცვის ძალების შთამბეჭდავ პროგრესს. გენერალ-მაიორო მათიაშვილო, ბრიგადის გენერალო ჭიჭინაძე, გამორჩეულო სამხედრო ხელმძღვანელობავ, გმადლობთ თქვენი ლიდერობისა და სერჟანტთა კორპუსის პროფესიონალიზმის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. სერჟანტები, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი, საქართველოს თავდაცვის ძალების მომავალი სამხედროები არიან. მათთვის როლისა და პასუხისმგებლობის შესწავლით, თქვენ მათ ამ ინსტიტუციის მომავალ და წარმატებულ ლიდერებად ჩამოყალიბებაში უწყობთ ხელს. ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას, სისრულეში მოეყვანა ამოცანით მართვა. ეს მნიშვნელოვანი დასაწყისია, რადგან თქვენ დაიწყეთ ორგანიზაციული ცვლილებების მენეჯმენტი, რათა საქართველოს თავდაცვის ძალები კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტიანი გახდეს. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს ისტორიული შედეგი. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი კურსდამთავრებულები ძალიან ბევრ საქმეს გააკეთებენ საქართველოსა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისათვის“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

 

კურსის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა მთავარმა სერჟანტმა მეთიუ მარკსმა.

 

„დღევანდელი დღე არის წლების განმავლობაში დაგეგმილი და მომზადებული ღონისძიებების კომბინაცია, რომლის შედეგადაც საქართველოს თავდაცვის ძალებში დასრულდა სამეთაურო მომზადების კურსი. ამ კურსის მნიშვნელობა მხოლოდ დღევანდელით არ განისაზღვრება. ამ კურსმა საფუძველი ჩაუყარა მომავალი თაობის ლიდერებს საქართველოს თავდაცვის ძალებში. განსაკუთრებით, საფუძველი ჩაეყარა ქვედანაყოფის დონის ლიდერებს, რომლის ფარგლებშიც ისინი მომზადდნენ, რათა უხელმძღვანელონ სამხედროებს საჭიროების შესაბამისად ბრძოლის ველზე. მათ შეისწავლეს ლიდერობის უნარები და განავითარეს ის უნარ-ჩვევები, რაც სამხედროების წვრთნისთვისაა საჭირო, რათა იყვნენ ადეკვატურები, ქმედითები და სრულყოფილი ლიდერები“, – აღნიშნა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მთავარმა სერჟანტმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X