19:01 | 2020-03-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

გიორგი გახარია სასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელებს შეხვდება 

გიორგი გახარია სასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელებს შეხვდება 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.

 

როგორც, საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს.

 

უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს.

 

„როგორც საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მოქალაქეებს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს, ასევე შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები, რაც სასურსათო დეფიციტის შექმნას გამორიცხავს.

 

სწორედ ამ მიზნით გიორგი გახარია დღეს თავად გამართავს მორიგ შეხვედრას სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან. რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადებები საზოგადოებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

შეზღდუვები საზღვრებზე

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი სავალდებულოა, შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის: შვეიცარია, დანია, ნორვეგია, ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია და ესპანეთი.

 

ასევე, 14 მარტიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 დღით საზღვრები ჩაიკეტება სომხეთსა და აზერბაიჯანთან. მეზობელ ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუფერხებლად შეეძლებათ.

 

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან შეზღუდვები არ წესდება სატვირთო გადაზიდვებზე.

 

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პაციენტი.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X