
„მთავრობის გადადგმული ნაბიჯი იყო დროული და ეფექტური, თუმცა უკეთესადაც შეიძლებოდა.“ -ამის შესახებ ტელეკომპანია იმედში, გადაცემა „ღია ეთერში“ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ხანდახან ისმის კითხვა როგორ ვახერხებთ ამას?! პასუხი მარტივია. უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს, მაშინ როცა ჯანდაცვის მინისტრმა შემოჰკრა განგაშის ზარი და თქვა რომ ჩინეთის მაგალითი ყურადსაღები იყო ჩვენი ქვეყნისთვისაც.
ამ საბჭოს შექმნიდან ერთ თვეში, უკვე გვქონდა ინფიცირების პირველი შემთხვევა. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო ეფექტური ნაბიჯის გადადგმაც შეიძლებოდა.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, 1-ლი აპრილის მდგომარეობით საქართველოში 117 ინფიცირებულია. გამოჯანმრთელდა 23 პაციენტი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















